მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რომელიც ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად სჭირდება

აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმ შეიარაღებით, რომელიც ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად სჭირდება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა 17 იანვარს ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბლინკენის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება ვითარდებოდა რუსეთის აგრესიის განვითარების შესაბამისად – „სტინგერიდან“ „ჯაველინსა“ და „ჰაიმარსამდე“ და შემდეგ „ბრედლიმდე“ და „პეტრიოტამდე“. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ უკრაინას მუდმივად აწვდის იმ შეიარაღებას, რომელიც ბრძოლის ველზე სჭირდება, რამაც უკრაინელი სამხედროების სიმამაცესთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა დღემდე მიღწეულ წარმატებებში და ეს პროცესი გაგრძელდება.
ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აშშ გამოაცხადებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ. 20 იანვარს, გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად აშშ-ის ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი 17 იანვარს, სატელეფონო საუბრისას განიხილეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, შოლცი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ მხარდაჭერა უნდა იყოს ეფექტიანი, მდგრადი და მჭიდროდ კოორდინირებული.

ნიდერლანდს უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ების გადაცემა აქვს გადაწყვეტილი. ამის შესახებ 17 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

„გადაწყვეტილი გვაქვს, მივუერთდეთ გერმანიისა და აშშ-ის ინიციატივას და უკრაინას Patriot-ები გავუგზავნოთ,“ მოჰყავს რიუტეს სიტყვები გამოცემა De Telegraaf-ს. დეტალების შესახებ – რამდენ დანადგარს და როდის მიიღებს უკრაინა – რიუტეს არ ულაპარაკია.
ნიდერლანდის პრემიერმა ასევე გაიმეორა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად 2,5 მილიარდი ევროს დახარჯვა გადაწყვიტა.

შეერთებულმა შტატებმა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ სამხედრო დახმარების მომდევნო პაკეტის ფარგლებში უკრაინას Patriot-ებს გადასცემს.

აშშ-ის მსგავსად გერმანიაც მიაწვდის უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის დამატებით ბატარეას. ამის შესახებ იანვრის დამდეგს გახდა ცნობილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს ძალუძს მცირე რადიუსის მოქმედების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. უკრაინის სამხედროებს რამდენიმე თვეში ასწავლიან ამ სისტემებით მუშაობას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის აშშ-ის სარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიწოდება ომის გაჭიანურებას გამოიწვევს. ამავე დროს მან თქვა, რომ ეს სისტემები მოძველებულია და მათი განადგურებით დაიმუქრა.

გაზეთ New York Times-ის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებისას ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს იყენებს.

აშშ-ს ისრაელში საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს მომარაგებული. ის განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. ამავე დროს, არსენალი შეუძლია მოიხმაროს ისრაელმაც, საგანგებო ვითარებაში.

ჭურვების ისრაელში არსებული არსენალიდან გამოყენების მიზეზი ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში საბრძოლო მასალა არასაკმარისად იწარმოება.

გაზეთის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეში დაახლოებით 90 000 საარტილერიო ჭურვს იყენებს, რაც ორჯერ აღემატება ამჟამად დასავლეთის სამხედრო ქარხნებში წარმოებული ჭურვების რაოდენობას. წარმოება იზრდება, მაგრამ საფეხურებრივად.

აშშ უკრაინას დაჰპირდა მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვის მიწოდებას. აქედან 300 000 უკრაინაში ისრაელის არსენალიდან წავა.

პენტაგონი უკრაინის არმიას საბრძოლო მასალას აწვდის ასევე სამხრეთ კორეაში არსებული საბრძოლო საცავებიდან.

ისრაელმა თითქმის ტოტალური ემბარგო დააწესა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე იმის შიშით, რომ რუსეთი ხელს შეუშლის მას საჰაერო თავდასხმებში ირანის ძალებსა და „ჰეზბოლას“ დაჯგუფებაზე სირიაში.

უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება ხორციელდება ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, რომელიც, ისრაელის წარმომადგენლების თქმით, იძულებულია დაეთანხმოს ამერიკელების მოთხოვნას, გამოიყენოს საკუთარი საბრძოლო მასალა თავისი შეხედულებისამებრ.

რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარების მიზნით უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

ევროკავშირის ხელმძღვანელმა 18 იანვარს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების თაობაზე განაცხადა, რომ „თითქმის ერთი წელია, რუსეთი ატარებს განადგურების სტრატეგიას, ტერორის სტრატეგიას, დაბომბვით ცდილობს უკრაინელი ხალხი დაიმორჩილოს“, მაგრამ “უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ“. მან დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს „მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინას ეს დასჭირდება. დროა და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ მეტი აღჭურვილობა და მე, პირადად, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების მომხრე ვარ“, – თქვა შარლ მიშელმა.

Leopard 2 მედიისთვის გამართულ საჩვენებელ ღონისძიებაზე. გერმანია. 2011 წლის 28 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 3 – კრამატორსკის და კუპიანსკის სამოქალაქო ობიექტებზე, 14 საავიაციო დარტყმა და 95 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მტერი წარუმატებლად უტევს ავდეევკის მიმართულებას.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსეთის საოკუპაციო ძალები საარტილერიო შეტევას განაგრძობდნენ ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებულ პუნქტებზე.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 4 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. სოლედარის რაიონში ჩამოგდებულია რუსული თვითმფრინავი სუ-25. გენერალური შტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, საბრძოლო მასალების საწყობი და რადიოლოკაციური სადგური.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button