მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ქვედანაყოფების ნაწილმა ხარკოვის ოლქი კარგად ორგანიზებულად დატოვა, ნაწილი კი – აშკარად პანიკაში მყოფი გაიქცა

ომის 204-ე დღე – უკრაინელების კონტრშეტევები გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 400-მდე ოკუპირებული დასახლება გაათავისუფლეს – მათ შორის ხარკოვის რეგიონის სოფელი კისელივკა, რომელიც ქალაქ ხერსონიდან 30 კილომეტრშია. ხარკოვში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.

აფეთქების ხმა ისმოდა კიროვოგრადში. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო დაცვამ შეტევები წარმატებით მოიგერია.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით,კი უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ კონტროლის გამყარებას ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ჯარი გაიყვანა ძირითადად, მდინარე ოსკოლის დასავლეთით მდებარე რაიონიდან.
“რუსული ჯარების გაყვანის გზა ბოლო კვირის განმავლობაში განსხვავებული იყო. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით კარგი წესით და კონტროლის ქვეშ, ამ დროს კი სხვები აშკარა პანიკით გარბოდნენ.

რუსული ძალების უკანდახევის შედეგად მიტოვებული მაღალი ღირებულების აღჭურვილობა მოიცავდა შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია რუსეთის საარტილერიო-ცენტრული ომის სტილის გასააქტიურებლად”, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის მიერ მიტოვებულ აღჭურვილობას შორის მინიმუმ ერთი ZOOPARK-ის კონტრ-ბატარეის რადარი და მინიმუმ ერთი IV14 საარტილერიო სამეთაური-საკონტროლო მანქანაა.

“ასეთი უკან დახევა ხაზს უსვამს ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფების დეზორგანიზებულობას და სარდლობისა და კონტროლის შესაძლო ლოკალიზებულ დარღვევებს”, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ქვედანაყოფების ნაწილმა ხარკოვის ოლქი კარგად ორგანიზებულად დატოვა, ნაწილი კი – აშკარად პანიკაში მყოფი გაიქცა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ხარკოვის ოლქიდან რუსი სამხედროების ნაწილის არაორგანიზებულ და უკონტროლო გასვლას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ დატოვეს ზოგიერთი ძვირადღირებული ტექნიკა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად დატოვეს. 14 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 6 სექტემბრიდან ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 388 დასახლებული პუნქტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button