საწვავი გაიაფდა – პური კი შესაძლოა გაძვირდეს

პურის გაძვირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები რამდენიმე დღეში მიიღებენ.
მანამდე კი ისინი სხვადასხვა უწყებაში შეხვედრას ელოდებიან, სადაც ვითარება უნდა განიხილონ. თუმცა, ამ ეტაპზე პურ-პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ფინანსთა სამინისტროში.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ბრალდება, თითქოს პურ-კომბინატების მიერ შესასყიდ ფქვილზე ფასის მატება ხელოვნურად, საბაჟო ტერმინალებში ტვირთის დაყოვნებით და პრობლემების შექმნით იქმნება, აბსურდულია.
ბოლო ათი დღის განმავლობაში კი ბენზინის ფასმა 5-6 თეთრით დაიკლო. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმპორტიორებს ბენზინის გაიაფების საშუალება საერთაშორისო ბაზარზე დაკლებულმა ტარიფმა მისცა.
მისივე პროგნოზით, თუ ლარი დოლართან მიმართებაში არ გაუფასურდება, საწვავის ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება.