პირველი ისტორიული ქულა მოპოვებულია -მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე ორი გოლი აქვს გატანილი
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

პირველი ისტორიული ქულა მოპოვებულია – საქართველო და ჩეხეთი ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ, ნამდვილი საფეხბურთო წარმოდგენა კი ფრედ – 1:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე, ქვეყნის სახელით, გოლი ისევ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. 11-მეტრიანი ზუსტი დარტყმა, პირველი ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე. გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდი ისტორიულ თამაშში გიორგი მამარდაშვილმა დაამყარა – 11 სეივი ქართველი მეკარის სახელზე და დაუღალავი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის გადასარჩენად. მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის განცხადებით, პორტუგალიასთან მატჩისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ნამდვილი სახე აჩვენონ“. ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებდი, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ მოვიგეთ და დაგეგმილი 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები და შანსები ამისთვის, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა.
ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა, სანახევროდ შესრულდა და მეტიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ”, – განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
……………………..
მთავარი ამოცანა საქართველოს ნაკრებისთვის ახლა პლეი ოფში გასვლაა. ეროვნული ნაკრები მორიგი რაუნდისთვის ემზადება. წინ პორტუგალიასთან დაპირისპირებაა. ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრა 26 ივნისს, გელზერკირხენში გაიმართება, საქართველოს ნაკრები კი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად ელოდება. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზეც ითქვა, რომ ბრძოლა გამარჯვებისთვის ბოლო წამამდე გაგრძელდება.