მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის პირადი პატიმარი ნავალნი ციმბირის ციხეში გარდაიცვალა

47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პუტინის პირადი პატიმარი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულმა მედიამ დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რამდენიმე დღის წინ, 27-ედ მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის ნომერ მე-3 კოლონიაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ვლადიმერ პუტინის და ხელისუფლების მოქმედებებმა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი სიკვდილამდე მიიყვანა. ოფიციალური ვერსიით ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ნავალნიმ დღეს, გასეირნების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მედიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ.

ამ თითქოსდა სამედიცინო უბედური შემთხვევის აღწერის მიუხედავად დასავლური სამყარო მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნი პირადად ვლადიმერ პუტინის მსხვერპლია. მრავალწლიანი დევნა, ნოვიჩოკით მოწამვლა და ბოლოს დაპატიმრება და 19 წლიანი პატიმრობის მისჯა დასრულდა მოსალოდნელი შედეგით – ოპოზიციის ლიდერი, რომელიც უპირობოდ ყველაზე პოპულარული იყო – კოლონიაში დაიღუპა.
თუმცა კრემლში აცხადებენ, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მათთვის უცნობია.

ამასთან 14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში.
47 წლის რუსი ოპოზიციონერის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახი პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებს. მათ შორის ნავალნის მეუღლეც, რომელმაც მოსახლეობას კრემლის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. სამძიმარს არ იღებს და შვილის ბუნებრივი სიკვდილის არ სჯერა ოპოზიციონერის დედას, რომელიც აცხადებს რომ მისი შვილი, რამდენიმე დღის წინ, სრულიად ჯანმრთელი იყო.

ნავალნის სიკვდილის ერთადერთ მიზეზად პუტინის სადამსჯელო პოლიტიკას ასახელებენ კიევში. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პუტინმა იმსხვერპლა, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს.

“კრემლის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი და პუტინის ტყვე” – ყველაზე ხშირად ნავალნის დასავლეთში სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ. 47 წლის ოპოზიციონერის გარდაცვალებას ერთმანეთის მიყოლებით გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი , ენტონი ბლინკენი, ურსულა ფონ დერლაიენი და იენს სტოლტენბერგი.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც ის “ნავიჩოკით” მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიუსაჯეს. სასჯელაღსრულების კოლონიაში.
ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს, “სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატი, მის მიმართ წაყენებულ არცერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობდა ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button