მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელის თვითმფრინავი რუსეთიდან ბელარუსში გაფრინდა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი Embraer 600 ბორტის ნომრით RA-02795, მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ეს ინფორმაცია დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა მონიტორინგის ჯგუფმა Беларускі Гаюн, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.

ჯგუფის თანახმად, პრიგოჟინის თვითმფრინავი აეროდრომზე დაეშვა 27 ივნისს, მინსკის დროით 07:40 საათზე, 18 წუთის შემდეგ კი, ამავე აეროდრომზე დაჯდა სანქტ-პეტერბურგიდან გამოფრენილი კიდევ ერთი თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-02878. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია 24 ივნისის შემდეგ, როცა მან მოსკოვისკენ „ვაგნერელების“ მსვლელობა შეაჩერა. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. 26 ივნისს, რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ ევგენი პრიგოჟინი და მისი მხარდამჭერი მებრძოლები უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე არიან, რასაც Беларускі Гаюн-ი უარყოფდა.

26 ივნისს, სატელევიზიო მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელარუსში წასვლა.

ამასთან წინა დღეს გამოცემა iStories-მა და OCCRP გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა Embraer-მა, რომელსაც ადრე პრიგოჟინი იყენებდა, 25 ივნისს სანქტ-პეტერბურგიდან გამოფრინდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამორთო ტრანსპონდერი ვოლგოგრადის ოლქის თავზე, საღამოს კი პეტერბურგში დაბრუნდა.

ამ თვითმფრინავმა, როგორც ჟურნალისტები წერენ, ბორტის ამჟამინდელი ნომერი 2020 წელს მიიღო – მას შემდეგ რაც რუსეთში დარეგისტრირდა. მანამდე თვითმფრინავი M-SAAN ნომრით დარეგისტრირებული იყო მენის კუნძულზე და, როგორც Novaya Gazeta-სა და OCCRP-ის გამოძიებაშია ნათქვამი, პრიგოჟინი მას პირადად იყენებდა. 2019 წელს თვითმფრინავი აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცა.

გუშინ დღის მეორე ნახევარში, ვაგნერის ხელმძღვანელი თავისი “სამართლიანობის მარშის” დასრულების შემდეგ პირველად გამოჩნდა თავის ტელეგრამის არხებში და პრესისთვის 11 წუთიანი განცხადება გააკეთა. სად და როდის გაკეთდა ჩანაწერი, უცნობია, ისევე როგორც თავად პრიგოჟინის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შაბათს განაცხადა, რომ თავად პრიგოჟინი “ბელარუსში გაემგზავრება”.
ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ოფიცრების შემადგენლობისთვის წოდებების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

„უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ვლადიმერ პუტინი გუშინ დაჰპირდა, უზრუნველყოფილი იყო. დიახ, მართლაც, ის დღეს ბელარუსშია. როგორც მე დაგპირდით, თუ ჩვენთან გარკვეული დროით ყოფნა გინდათ და ასე შემდეგ, დაგეხმარებით. რა თქმა უნდა, „ვაგნერელების“ ხარჯზე“ , – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ რომ 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
26 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისევ გრძელდება.
26 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მისი ძალების მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის წარმოჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button