რეგიონი

ეთნიკური მრავალფეროვნება კახეთში

“ჩვენ საქართველო გვაერთიანებს”

სოფელი კაბალი

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლაგოდეხი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული მუნიციპალიტეტია. კაბალის თემში ოთხი სოფელი შედის, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. გარდა კაბალია, ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტებშიც. ქართველების და ეთნიკური აზერბაიჯანელების თანაცხოვრება ყოველდღიურად იკვეთება. ეთნიკური აზერბაიჯანელები მცირე რაოდენობით, თუმცა წარმოდგენილი არიან სხვადასხვა საჯარო სივრცეში: საკრებულოში, ბანკებში, სკოლებში, ბაღებში. ყველაზე მატად კი ისინი ბოსტნეულის და საქონლის ვაჭრობით არიან დაკავებული.

რადიორეპორტაჟში მოგიყვებით კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: საგარეჯოში, ლაგოდეხსა და თელავში მცხოვრები ეთნიკური აზერბაჯანელების შესახებ. უფრო კონკრეტულად კი რა პრობლემებს აწყდებიან, როგორ ცხოვრობენ შერეული ოჯახები, როგორია მათი დღესასწაულები და ა.შ.

რეპორტაჟის მიზანია, ბევრი ადამიანი გაეცნოს მათ ქვეყანაში მცხოვრები სხვა კულტურის ადამიანების ყოველდღიურობასა და ცხოვრებას, რაც ხელს შეუწყობს მათ კიდევ უფრო დაახლოებასა და უმტკივნეულო ინტეგრაციას. ასევე გარკვეული პრობლემების მოგვარებას.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

შერეული ქართულ-აზერბაიჯანული ოჯახები

ქართულ-აზერბაიჯანული შერეული ოჯახი

კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი დიდი თემია, რომელიც 4 სოფელს აერთიანებს. ესენია თავად კაბალი, განჯალა, უზუნთალა და ყარაჯალა. სოფელი ალაზნის მარცხენა მხარეს მდებარეობს და გაშენებულია კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჯამში აქ 10 ათასამდე ადამიანო ცხოვრობს.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი 9 წლის მარინა ნოვრუზოვას დედამ ჯერ კიდევ სულ პატარას ასწავლა, მარინა ქართულ -აზერბაიჯნული, შერეული ოჯახის პირველი შვილია. წარმოშობით ხევსური მაია ხოსიაური 15 წლის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ჩავიდა, გაიცნო მომავალი მეუღლე და, როგორც თავადვე ამბობს შეუყვარდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ქართული ადათ-წესებით გაზრდილი მაია, მუსულმანური ოჯახის ახალი წევრი გახდა.

მაია ხოსიაური იხსენებს, რომ გადაწყვეტილება გათხოვების შესახებ ადვილად მიიღო, თუმცა შემდგომში იყო წლები როცა ქართულ წეს-ჩვეულებაზე გაზრდილს მუსულმანთა სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. ამბობს რომ საკუთარი გადაწყვეტილებით დედისერთა შვილმა მაშინ მამას გული ატკინა, თუმცა მაიას მშობლებსაც თავის დროზე ქართულ-აზერბაიჯნული ოჯახი შეუქმნიათ. მაიას დედა აზერბაიჯანელია, მამა კი ქართველი. შერეული ოჯახი მრავალსულიანია, ყველაზე უხუცესი წევრი პაპა მახმად ხიდროა. 70 წელს მიღწეული ხანში შესული ამბობს, რომ ხევსური წარმოშობის რძალი მათი ოჯახის სიამაყეა.

კიდევ ერთ ქართულ-აზერბაიჯანულ შერეულ ოჯახზე გიყვებით. ისტორია გასული საუკუნის 80 -იან წლებში ლაგოდეხში, სოფელ ბოლოკიანში დაიწყო. სევდა მამედოვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხობრობდა. როდესაც ქართველზე იქორწინა 16 წლის იყო. სევდა ამბობს, რომ მკაცრ მუსლიმანურ კულტურულ-რელიგიური ტრადიციების მქონე ოჯახში იზრდებოდა. ახლა უკვე 40 წელს გადაცილებული, ქართული ოჯახის ეთნიკური აზერბაიჯანელი წევრი იხსენებს რომ დაბრკოლება რომელიც მას ამ ქორწინებაში ხელს შეუშლიდა დაძლია, საკუთარი ერისა და მშობლების წინააღმდეგ წავიდა, თუმცა არასდროს უნანია.

 

მცირე ბიზნესი, ადგილობრივი წარმოება

 

სათბური

ისტორია რომელსაც ახლა მოგიყვებით, გაჯიევების ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. კაბალში ხანში შესული ცოლ-ქმრის მიერ მოყვანილი საადრეო კიტრი, პომოდორი და მწვანილი ადგილობრივ ბაზარზე წლებია იყიდება. ხალილ გაჯიევი სოფელ კაბალის ერთ ჩვულებრივ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ქორწილების მთავარი მედოლე იყო თუმცა თავად ცხოვრება ქორწილის გარეშე დაიწყო. დღეს 60 წელს მოღწეული ხალილ გაჯიევი ამბობს, რომ მედოლეობა მიწადმოქმედებაში გაცვალა. მეუღლეს დაუჯერა და ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო ახლა სათბურში მოყვანილი ბოსტნეული და მწვანილია.

 

 

ბაზარი

როდესაც მცირე ბიზნესზე ვსაუბრობთ აღსანიშნავია, კაბალის ბაზარი, რომელიც ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყაროა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ეს ერთადერთი გზაა საკუთარი შრომით მოყვანილი მარცვლეულის, ბოსტნეულისა და მსხვილფეხა საქონლის გასაყიდად. ბაზრის შესასვლელთან რამაზან ალიევი რამდენიმე წელია საკუთარ ბოსტანში მოყვანილ მწვანილს ყიდის. ამბობს რომ ბაზარი ფუნქციონირებს კომუნისტური რეჟიმის დროიდან. აქ მოსახლეობას საკვები პროდუქტი სეზონურად გამოაქვს და ყიდის. კაბალის ბაზარი ყოველდღიურად ფუნქციონირებს, მოსახლეობა საკუთარი მოსავლის მოყვანამდე მყიდველს მეზობელი ქვეყნის, თურქეთის პროდუქციას სთავაზობს.

 

სტიქია და ზარალი

მართალია მოსავალი მოჰყავთ და შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, თუმცა ამ მოსავლის ნაწილს თითქმის ყოველ წელს სტიქია ანადგურებს.
მდინარე “კაბალი” ღვარცოფული მდინარეების კატეგორიას მიეკუთვნება და წლების მანძილზე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს, სახნავ-სათეს სავარგულებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს. მიუხედავად იმისა, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში არაერთი სამუშაო შესრულდა, მოსახლეობისთვის უპირველეს პრიორიტეტად კვლავ “კაბალის ხევის” დამცავი ჯებირების მოწყობა რჩება. ჩვენ იმითაც დავინტერესდით, რა კეთდება, რომ სტიქიამ მოსახლებას ნაკლები ზიანი მიაყენოს. ვესაუბრეთ მერიის წარმომადგენელს გიორგი ჩალათაშვილს. ამბობს, რომ მასტაბურ სამუშაოებს დიდი თანხა სჭირდება, ამიტომ ხევს ქვა-ღორღისგან ყოველწლეს წმენდენ.

 

აზერბაიჯანული სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

აზერბაიჯანული სამზარეულო ყველაზე მეტად ახლოს არის აღმოსავლურ კულინარულ კულტურასთან. იგი წარმოქმნილია თურქული და ირანული სამზარეულოს ბაზაზე, თუმცა გააჩნია ინდივიდუალიზმი. საქართველოში აზერბაიჯანულენოვან სოფლებში გამოიყენებენ სპეციალურ თიხის ღუმელს. ამასთან შენარჩუნებულია სპილენძის ჭურჭლის გამოყენების ტრადიციაც. როგორც ამბობენ, თიხა თავისებურ ზემოქმედებას ახდენს მთლიანად კერძის გემოზე და არომატზე. აზერბაიჯანული სამზარეულო ასევე განიცდის მეზობელი ქვეყნების კულტურის გავლენასაც. ფართოდაა გავრცელებული ირანული ჰალვა, შაკერბური და ფახლავას მრავალსახეობა. აზერბაიჯანული სამზარეულო ქართული და სომხური სამზარეულოსაგან განსხვავდება რამდენიმე არსებითი დეტალით. სარწმუნოებიდან გამომდინარე იკრძალება ღორის ხორცი, ამიტომ ყველაზე გავრცელებულია ცხვრის ხორცი. სოფელ კაბალში მცხოვრები ბაქირ იუნოსოვის ოჯახი საკუთარი ეროვნების სუფრისა და სამზარეულოს ტრადიცებს ყვება. ამბობს, რომ დღევანდელი სუფრის ტრადიციები ძველისგან მკვეთრად განსხვავდება. მუსლიმი ქალები პურსაც განსხვავებული მეთოდით აცხობენ. ცომს ტრადიციული საფუარის ნაცვლად დაძველებული ცომის მასაში ზელენ და გამოცხობამდე კვერცხს უსვამენ.
რაც შეეხება ტკბილეულს – ამბობენ, რომ აზერბაიჯანული კანფეტი აღმოსავლურ ტრადიციებს არ ღალატობს და უფრო ტკბილია, ვიდრე ევროპული. საუზმის, სადილის და ვახშამის შემდეგ დღე ჩაის რიტუალით სრულდება, რომლის კულტურაც ასევე აღმოსავლეთიდან მოდის. როგორც კაბალში მცხოვრები იუნუსოვების ოჯახში გვითხრეს, ჩაის დალევასთან დაკავშირებით არსებობს ერთი უძველესი ტრადიცია – მუსულმანურ ქვეყნებში სანამ ჩაის დალევას დაიწყებენ, უპირველესად მასში ასველებენ შაქრის ნატეხს. ეს რიტუალი შუა საუკუნეებიდან მოდის. გადმოცემის მიხედვით, როდესაც ირანის შაჰს ჩაის მიართმევდნენ, ჯერ მის ჭიქაში ჩააგდებდნენ შაქრის ნატეხს. იმ პერიოდში არსებული საწამლავები იყო ორგანული წარმოშობის – რეაქციაში შედიოდა შაქართან და თუ ვინმე შაჰის მოწამლვას გადაწყვეტდა, ამ რიტუალით ჩანაფიქრს ნათელი მოეფინებოდა.

 

მეჩეთი

მეჩეთს მუსლიმთა წმინდა სახლი ეწოდება. ერთ-ერთი მეჩეთი სოფელ კაბალში ბოლო წლებში ააშენეს. რომელსაც 80 წელს მიღწეული უხუცესი მოლა მუსტაფაევი ხელმძღვანელობს. მოლა გვიყვება, რომ მეჩეთის ასაშენებლად სოფელში თანხა შეაგროვეს, თუმცა ფული მონიმალური აღმოჩნდა. შემდეგ კი ერთ-ერთი ბიზნესმენი დაეხმარათ რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ. მეჩეთია სამლოცველოც და თავშეყრის ადგილიც. მორწმუნე მამაკაცები ყოველ პარასკევს და დღესასწაულებზე იკრიბებიან. ამბობენ, რომ ეს მათი მოვალეობაა. ამ დღეებში ქალებს ეკრძალებათ მეჩეთში შესვლა. მათ სხვა დღეებში სპეციალურად განკუთვნილი ადგილი აქვთ. მეჩეთი ჩვეულებრივი ოთხკუთხა ნაგებობაა, რომელიც ხშირად გუმბათითაა დაგვირგვინებული. ტრადიციულად შენობის შიგნით ეზოა აუზით, სადაც მუსლიმები ლოცვის წინ სპეციალურ რიტუალს ატარებენ. მეჩეთი შიგნით მთლიანად ხალიჩებით არის დაფარული. როდესაც მუსლიმები მეჩეთში შედიან აუცილებლად იხდიან ფეხსაცმელს.

 

ხალიჩები იორმუღანლოდან

ხალიჩების ქსოვა აზერბაიჯანული ხალხური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა. ხელოვნების ეს დარგი აზერბაიჯანელ ხალხს ძალიან უყვარდა და თაობიდან თაობას ზრუნვით გადასცემდნენ. საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ხალიჩები, რომელიც დღესაცაა შემორჩენილი, მაღალი ხარისხით ფასდება და მნახველთა გაოცებას იწვევს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი 70 წლის ნიზამი შარიფოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ქალი საკუთარი ხელით შექმნილ ხალიჩებს მზითვისთვის და ოჯახისთვის ამზადებდა. შარიფოვს დედა პედაგოგი ჰყავდა რომელიც თავისუფალ დროს საქსოვ დაზგას უთმობდა და უამრავ ხალიჩასაც ქსოვდა. ნიზამი შარიფოვის თქმით, ეს ხელსაქმე თითქმის ყველა დიასახლისმა იცის თუმცა არ იყენებენ.

 

მეზურნე – ყარაჯალადან

ამჯერედ “ზურნამ” არ დაუკრა, 70 წელს გადაცილებულ მუსიკოსს ასან ფოსოლიევს ეს არ გაკვირვებია, რადგან თითქმით ნახევარსაუკუნეზე მეტია რაც აზერბაიჯანის ქალაქ შეკში საკრავი შეიძინა და მას შემდეგ ყოველი დაკვრის წინ საგულდაგულოდ ამზადებს. ახლა მომზადება ვერ მოასწრო. ამბობს რომ, ზურნა უნდა გაიწმინდოს, ერთი საათის განმავლობაში წყალში დალბეს და კარგი ხმოვანება ამის შემდეგ აქვს. ზურნა აღმოსავლური ჩასაბერი საკრავია. იგი გამოიყენება მუსლიმთა ხალხური დღესასწაულების დროს. ზურნის თანხლებით ტარდება ჭიდაობა და ქორწილი. თელავის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ასან ფოსოლიევი ერთედერთი მეზურნეა, რომელიც სოფელს შემორჩა. ამბობს, რომ მუსლიმთა ეროვნულ საკრავზე დაკვრა მეზობელი სოფლის ერთ ქართველ მოხუცს, პაპა ივანეს 18 წლის ასაკში უსწავლებია, შემდგომ კი დღესასწაულებზე თავის მეწყვილედ წაუყვანია. ახლა თავადაც მოხუცი მეზურნე გვიყვება, რომ ტრადიციები მუსლიმანთა რიტუალებში დღეს ოდნავ შეცვლილია და ძველი ეროვნული საკრავები ამჯერად თანამედროვე სინთეზატორებმაც შეცვალა. ამბობს, რომ ახალგაზრდებს სურვილი აღარ აქვთ მასზე დაკვრა ისწავლონ. ასან ფოსოლიევი ვარაუდბს, რომ ის სოფლის უკანასკნელი მეზურნეა.

სკოლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლას საუკუნოვანი ისტორია აქვს. სოფელში საერო დაწყებითი სკოლა 1886 წლის 8 თებერვალს გახსნილა. მისი ინიცატორი და ორგანიზატორი ბორჩალოს მხარის მკვიდრი ჰუსეინ ალი ოღლი ეფენდიევი ყოფილა. სასწავლო დაწესებულება თავდაპირველად არაქართულ დაწყებით სკოლად ჩამოყალიბებულა და კავკასიის სამხარეო განათლების სამმართველოს ექვემდებარებოდა. საქართველოში აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს შორის ყარაჯალა მეორე დასახლება იყო, ადაც დაწყებითი საერთო სკოლა გაიხსნა. 1886 წელს სკოლა ერთი კლასით დაკომპლექტდა, სადაც სწავლება აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა. ოდნავ მოგვიანებით კი სწავლება რუსული ენით შეუცვლიათ. ამ დროისათვის სკოლა მთლიანად ქართულენოვანია. ელზა აშიროვა რომელიც რამდენიმე წელია სკოლის დირექტორის პოსტს იკავებს ამბობს, რომ არაქართული სოფლის ერთადერთი სკოლა ქართულენოვანია და ეს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შედეგია.

 

პედაგოგი აზიზ აბაზოვი

აზიზა მასწავლებელი – ასე მიმართავს და მოიხსენიებს მას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა. პედაგოგმა ყარაჯალაში თაობები აღზარდა და საკუთარი სათვისტომოს ისტორიას ბევრი უცნობი ფაქტი შემატა. აზიზ აბაზოვი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 1951 წელ დაიბადა. აქვე დაამთავრა სკოლა ქართულ ენაზე და 70 -იანი წლების ბოლოს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამბობს, რომ საქართველოს ისტორიის შესწავლას წლები შეალია და საკუთარი ერისა და კულტურის ფესვების ძიებაში უამრავი უცნობი ფაქტი აღმოაჩინა. აზიზ აბაზივი ამბობს, რომ მშობლიური ენის სწავლა გაცილებით გვიან დაიწყო ვიდრე ქართულის, ამიტომ ქართულ პერსასთან ერთად აზერბაიჯნულ გამოცემებს იწერდა და შემდეგ თარგმნიდა. ასე გაჩნდა მის ლექსიკაში 10 000-მდე აზერბაიჯანული სიტყვა. აზიზ აბაზოვმა რამდენიმე ეტიმოლოგიური ნაშრომი გამოსცა.70 წელს მიღწეული პედაგოგი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მომავალ თაობებს ახლაც უზიარებს. ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად ყველა კითხვას გასცა პასუხი, რაც წლების მანძილზე აზერბაიჯანელ ხალხს აწუხებდა. აზიზ აბაზოვს ჰყავს მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ის დღემდე აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართულ ენაზე, საქართველოს ისტორიას ასწავლის.

 

ალი ფარაჯოვი 21-ე საუკუნის აშუღი – სახალხო მგოსანი და მომღერალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ალი ფარაჯოვი 21-ე საუკუნის აშუღია. მის გარეშე კაბალში ლხინი არ ჩაივლის. ამბობს რომ აშუღობა მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა. კავკასიის ქვეყნებში და ახლო აღმოსავლეთში აშუღს – მიჯნურს, მოტრფეს, სახალხო მგოსანს და მომღერალს უწოდებენ. აშუღი სასიმღერო ტექსტს ხშირ შემთხვევაში, იმპროვიზებულად თხზავს, უწყობს ჰანგებს და რომელიმე სიმებიანი საკრავის თანხლებით თავადე მღერის. სოფელ კაბალში აბობენ, რომ სიტყვა “აშუღი”-ს მნიშვნელობა თავდაპირველად სამიჯნურო თემატიკას მოიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სოციალური მოტივებიც შეერია.

 

“ნოვრუზ ბაირამი”

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე “რუზ” დღეს ნიშნავს. ნოვრუზს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ და შესაბამისი წესებით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამი ასევე ნიშნავს: დღისა და ღამის გათანაბრებას, ფრინველთა თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას – სიციცხლის დაწყების დღედ კი 21 მარტი მიიჩნევა.

“ნოვრუზი” მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. 70 წლის რაშიდ ულხანოვი, რომელც კაბალის სკოლის პედაგოგია ამბობს, რომ “ნოვრუზ ბაირამი” სახალხო დღესასწაულია და არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. “ნოვრუზ ბაირამზე” ანუ გაზაფხულის დღესასწაულზე, სამი სახის ნამცხვარი მზადდება ესენია: “შაქარბურა”, “გოღალი” და “ფახლავა”. ულხანოვი ამბობს, რომ ყველა ეს ტკბილეული წინა დღეს ცხვება, ყველა მათგანი მუსულმანთა ეროვნული სამზარეულოს ნაწილია და მისი მიტანა სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლობას წარმოადგენს.

ნოვრუზის დღესასწაულზე მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე იყრიან თავს და ერთმანეთს ულოცავენ. დღის განმავლობაში დამწუხრება ცოდვად ითვლება. ისინი ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხს და სხვადასხვა საკვებ პროდუქტს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებენ. ეს დღე მიტევების დღედაც არის მიიჩნეული. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოაცხადა.

 

 

ჩვენ მოგიყევოთ კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და ქართვლების თანაცხოვრების კონკრეტულ მაგალითებზე. აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის საქართველოში ზერბაიჯანული თემი სულ უფრო ნაკლებად იყო წამოდგენილ ადილობრივ და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. დღეს ეთნიკური აზერბაიჯანელები მუშაობენ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიციაში. პედაგოგებით თითქმის მთლიანად ადგილობრივი კადრით არის დაკომპექტებული საჯარო სკოლები და საბავშო ბაგა-ბაღები.

კიდევ ერთი ტენდენცია რაც ჩვენი მრავალწლიანი მუშოაბის დროს შესამჩნევია – აზერბაიჯანულენვანი ახალგაზრდები სწავლას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ. ძირითადად მესამე სოქტორის მხრიდან, მათი ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისთვის კი არაერთი ტრენინგი და სწავლება ტარდება.

 

გიორგი ალადაშვილი, რადიო “ჰერეთი”

 

 

“მასალა მომზადდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის 
მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს 
გაეროს ასოციაციის მიერ, მედიის განვითარების ფონდთან (MDF) პარტნიორობით 
და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 
პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის 
ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო 
განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.”

მსგავსი პოსტები

Back to top button