კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

LIVE – პანკისში დაპირისპირებული გვარების საქმეზე განაჩენი ცნობილია

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისის ხეობაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების მონაწილე ორი პირის საქმეზე, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, 37 წლის ვისური (ვისო) მუთოშვილის მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რუსლან მუთოშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამზან ხანგოშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოტანამდე სასამართლო პროცესი მხარეების კამთით დაიწყო.

დასკვნით სიტყვაში, საქმის პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა დანაშაულის ჩადენის გარემოებები აღწერა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა არბი ქავთარაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 37 წლის ვისური მუთოშვილი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო რამზან ხანგოშვილმა რუსლან მუთოშვილის მკვლელობა სცადა.

ორივე დაკავებულის უფლებებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იცავს. დაცვის მხარის მტკიცებით, ვისური მუთოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გარდაცვლილისათვის მხოლოდ სხეულის დაზიანების განზრახვა ჰქონდა, ხოლო მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, დაპირისპირების არცერთი მონაწილისათვის არ უსვრია.

ამ გარემოებებზე დაყრდნობით დაცვის მხარე, არბი ქავთარაშვილის დასჯას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, ხოლო, რამზან ხანგოშვილის მიმართ, გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

საამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა და ბრალდებული პირები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.

დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას თელავიდან

რადიო ჰერეთმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებდა და აგრეთვე მომხდარი დაპირისპირების წინაისტორია გააცნო აუდიტორიას.

მსგავსი პოსტები

Back to top button