მნიშვნელოვანისიახლეები

დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება ხოლო ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პარლამენტმა 2 მომხრე, 12 წინააღმდეგი საკითხს მხარი არ დაუჭირა.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის 32 სხდომა ჩატარდა და დავით სერგეენკო აქედან 25-ს არ დასწრებია.

დავით სერგეენკო იყო იმ დეპუტატთა შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერისგან. საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო – ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს “საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე” იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის გამო “ქართულ ოცნებას” კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.

ამ კანონპროექტის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს, რომელსაც არ დასწრებიან პარლამენტის მაშინდელი დეპუტატები დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ ამ კანონპროექტისთვის ხმა არ მიუციათ. მედიასაშუალებები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. სერგეენკოს გარდა, ამ მოცემულობით, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პირი აღარ არის პარლამენტის წევრი.

დავით სერგეენკო “ნაციონალური მოძრაობის” “ქართული ოცნების” ხელისუფლებით შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს, იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.

ქეთევან დუმბაძე, რომელიც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, 4 სექტემბრიდანმწერალთა სახლის დირექტორად დაინიშნა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა (68 მომხრე, 1 წინააღმდეგი).
მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას და კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, მწერალთა ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა, თუმცა გავრცელდა მისი მხარდამჭერი ავტორების განცხადებაც.
მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენს წინა განცხადებებს, რომ სერგეენკოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მისი აზრის გათვალისწინებით მივიღებდით, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კითხვას, რატომ არ დაუჭირა პარლამენტმა მხარი დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ საკითხი დღის წესრიგში სწორედ კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა, თუმცა კანონი ითვალისწინებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ მიაჩნდათ.

„ზუსტად კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, მაგრამ, ასევე, კანონი ამბობს, რომ პარლამენტს შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიგვაჩნდა. თუ გაიხსენებთ, თავიდანვე გეუბნებოდით, რომ უმრავლესობა დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან კონსულტაციით, მისი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს წინა განცხადებებს ეფუძნება. ის არის თანმიმდევრული და ვფიქრობ, ჩვენი თანაგუნდელის მიმართ გამოხატავს პატივისცემას. ოპოზიციას სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა სახეზე, ალბათ, ახალ სცენარებს მოიგონებენ, გარკვეული შიშებიც შეიძლება გაუჩნდეთ, თუმცა, საზოგადოება მინდა დავარწმუნო, ყველაფერი არის ძალიან უბრალოდ და იმ ფარგლებში, რაც შეეფერება სერგეენკოს გუნდთან ურთიერთობებს.

ჩვენ დავიცავით კანონის მოთხოვნები და ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე დადგა საკითხი დღის წესრიგში, თუმცა, იგივე კანონი ამბობს, რომ პარლამენტს შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის დეპუტატების მისაღები გადაწყვეტილება და იმიტომ დგება კენჭისყრაზე, რომ მისი მხარდაჭერაც და უარყოფაც შეუძლიათ დეპუტატებს.

კონსულტაციებზე, რაც ჩვენს (პარტიას და სერგეენკოს) შორის გაიმართა, მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის შიდა პარტიული საქმე, თუმცა, ჩვენი წინა განცხადებები და ეს გადაწყვეტილება არის შესაბამისობაში”,- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთპარლამენტში დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატს ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოს კი არა.
ორივე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ დადგენილების პროექტები დღეს პლენარულ სხდომაზე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button