მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოკლული ექიმის საქმე თელავში-მხარეები ვერდიქტის მოლოდინში არიან

თელავში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემაჯამებელი სხდომა, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეს განიხილავს, ჯერ კიდევ შეფერხებულია.

საქმეში მონაწილე სამი მსაჯული, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

ავარიაში მოხვედრილი პირების სასამართლოზე გამოცხადებამდე, მხარეებმა საბოლოო პოზიცია დააფიქსირეს.

“სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, პრაქტიკულად დასტურდება, რომ ბრალდებული ზანდარაშვილი არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში”- ამის შესახებ, საქმის პროკურორმა, ლაშა ბიწაძემ განაცხადა.

” სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ბრალდებულ ზანდარაშვილის ემოციური მდგომარეობის შესახებ, არის დასაბუთებული და კომპეტენტური. რაც შეეხება, აფექტს, რომელზეც დაცვის მხარე საუბრობდა, ალტერნატიულ ექსპერტიზას არ უთქვამს, რომ ის აფექტში იმყოფებოდა. ექსპერტიზამ თქვა, მტკიცებულებების მოკვლევასთან ერთად უნდა დადგინდეს, შესაძლოა ყოფილიყოო. ასე, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, ნაფიცი მსაჯულები გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას.”- განმარტა ბიწაძემ.

ანალოგიური პოზიცია აქვს, დაზარალებულის მხარის ადვოკატს, ჯაბა კოჭლამაზაშვილსაც.

” დღეს გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა საქართველოში, ადამიანი ასე ჩაცხრილონ და მერე აფექტად გაასაღონ. ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ ეს მკვლელობა არ იყო ჩადენილი აფექტის მდგომარეობაში. ალტერნატიული დასკვნა, იყო მიკერძოებული და ნაფიცმა მსაჯულებმა, ის არ უნდა გაიზიარონ”- განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

ზანდარაშვილის დაცვის მხარეს აფექტში ჩადენილი მკვლელობის ვერდიქტის იმედი აქვს და ამტკიცებს, რომ ყველა გარემოება ამაზე მიუთითებს.

” ექსპერტიზა გარკვევით ამბობს, რომ ფაქტი მომხდარია აფექტის მდგომარეობაში, ამაზე მიუთითებს ყველა გარემოებაც, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, იყო მძიმე შეურაცხყოფის მსხვერპლი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მსაჯულები ჩვენს პოზიციას გაიზიარებენ”- განაცხადა ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ.

სხდომის განახლების დრო, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button