რეგიონი

რომელი ჯგუფები ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათით

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე საფასურს ასწესებს, შეღავათს კი მხოლოდ ორი სოციალური ჯგუფისათვის ითხოვს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, აზრთა სხავადასხვაობაა.

საკრებულოს წევრების ნაწილი თვლის, რომ სამგზავრო შეღავათებით კიდევ უფრო დიდმა ჯგუფმა უნდა ისარგებლოს.

” მგზავრობის საფასური შესაძლოა მისაღები იყოს, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი საკუთარ თავს მაინც ვერ შეინახავს და სუბსიდია დასჭირდება.რაც შეეხება შეღავათებს, ვფიქრობ, რომ უფრო დიდმა ჯგუფმა უნდა ისარგებლოს და მხოლოდ სოციალურად დაუცველები და ათ წლამდე ბავშვები, ცოტაა. დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ეს მსჯელობის საგანია და უნდა ჩამოვყალიბდეთ. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ საფასური ცოტა მეტი უნდა იყოს, ვნახოთ, გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ალექსანდრე შათირიშვილმა.

ფრაქცია ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” დეპუტატი, გიგი გიგიტელაშვილი ამბობს, რომ მგზავრობის საფასურის მცირედი ზრდის ხარჯზე, შეღავათებით მოსარგებლე პირთა წრე, მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს.

” ჩემი აზრით, შეღავათებით მოსარგებლე ჯგუფი ძალიან პატარა და დისკრიმინაციულია. მაგალითისათვის, ჩვენ გვყავს ვეტერანები, დევნილები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. შესაძლებელია, მგზავრობის საფასური ოდნავ გავზარდოთ, ისე, რომ ტვირთი არ იყოს მოსახლეობისათვის და გავაფართოვოთ, შეღავათებით მოსარგებლე პირების წრე. მსჯელობა მიდის, საკრებულოს ზოგიერთ წევრს, ფასზეც სხვა აზრი აქვს, ვნახოთ, როგორ ჩამოვყალიბდით”- განაცხადა გიგიტელაშვილმა.

მუნიციპლურ ტრანსპორტით მგზავრობა რომ ფასიანი გახდებოდა, ამის შესახებ, რადიო ჰერეთთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა.

მერმა განაცხადა, რომ მუნიციპლური ავტობუსებისათვის გამოყოფილი 600. 000 ლარის სუბსიდია, რაც მოსახლეობას უფასო მგავრობის საშუალებას აძლევდა, უკვე ამოიწურა.

თელავში მუნიციპალური ავტობუსები, 2020 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა.

ტრანსპორტი თელავისათვის მუნიციპლური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.

ქალაქში მოძრაობა ავტობუსებმა 8 თებერვლიდან დაიწყო.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავში, სხვადასხვა მარშრუტით, 10 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button