მნიშვნელოვანისიახლეები

მესამე პრეზიდენტი სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა

დღეს, 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვისას მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა – მესამე პრეზიდენტმა პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება ითხოვა. იქამდე კი მან უკრაინულად მიმართა უკრაინას, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ომში მყოფ ქვეყანას, ასევე, პატივი მიაგო იქ დაღუპულ ქართველ გმირებს და გაიხსენა კახა ბენდუქიძე, რომელსაც დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილი პროცესიდან მიესალმა სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ბრალდებულის სამედიცინო პროცედურებისთვის სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. სასამართლო პროცესის გაგრძელების შემდეგ, სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე ისაუბრეს.

სააკაშვილის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ “წაერთვა ფეხები” და აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ასევე, აქვს კიდურებში ტკივილები, რის გამოც სჭირდება ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღება. მისივე თქმით, თითქმის ვერ იღებს საკვებს, რაც მას კიდევ უფრო ასუსტებს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება უშედეგო იყო, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში კი თითქმის ვერ იღებს სათანადო მკურნალობას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა და იქ კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს, აქვს მუდმივი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

“გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. რეფიდინგის პროგრამა, კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ. ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ, ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია. კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა.

ეს საპატიმრო საერთოდ არაა მორგებული სამკურნალოდ, თუმცა მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობელი ვარ, აქ ვინც მომყვა ექიმის, გამომიყვანა მდგომარეობიდან, ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, რომ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი.

მე რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა ყველამ იცოდეს, ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ, მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს. ვიცი რაზეც მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში მეცადა, რომ საქართველო გადაგვერჩინა. როგორ გამომივიდა, ამას ხალხი განსაზღვრავს და ისტორია განსჯის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ ბრალდებულთან საპატიმრო დაწესებულებაში კვალიფიციური და სანდო სამედიცინო პერსონალის შეყვანას დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასანიშნად, მოსამართლეს კი სთხოვენ “სპეციალური ზომების” მიღებას მისი ჯანმრთელობის დასაცავად პენიტენციურ დაწესებულებაში.

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, მას წაერთვა ფეხები რამდენიმე დღის წინ და ის ვერ დადიოდა. ამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომობაც კი არ მაქვს ციხის ექიმთან, რომ ვკითხო, რა მოუვიდა. ჩემ ხელმისაწვდომობას ვინ დაეძებს, ექიმი არ მყავს, რომელიც მეტყვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადარჩება, ვერ გადარჩება, კარგად არის, ცუდად არის, წამების მსხვერპლი ხომ არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამე მიეწოდება თუ არა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ ვიღებ”, – თქვა სასამართლო სხდომაზე მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ დაკითხოს ექიმები ცენტრიდან “ემპათია” და გამოიძახოს მოწმედ ის ექიმი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაში გახდა სააკაშვილის ცუდად გახდომის მოწმე. პროკურატურა დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს არ ეთანხმება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლეს ახალი შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს გადაეცეთ რეაგირებისთვის, მესამე პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის უფლებაზე უარის თქმა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილთან უკვე თვეებია მედიკოსებს შესვლის უფლება არ ეძლევათ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ჯანმრთელობის უფლებაზე უარი, კონევნციურად წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება და არის ახალი ეპიზოდი, ხოლო ის გამოძიება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წამებაზე უკვე მიმდინარეობს, ძველი ეპიზოდია:

“მე ვაყენებ შუამდგომლობას ასევე, 191-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მოსამართლემ აღნიშნული საკითხი გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის. არგუმენტი, რომ ისედაც მიმდინარეობს გამოძიება სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, არავალიდურია. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ეპიზოდზე, რაც მიმდინარეობს ის არის ძველ ეპიზოდებთან დაკავშირებით.
ახლი ეპიზოდი არის ჯანმრთელობის უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რაც კონვენციურად უტოლდება წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას. ამიტომ, აღნიშნულზე გამოძიება კომპეტენტურმა ორგანომ კვლავ უნდა დაიწყოს. აქ ფიგურანტები არიან სხვანი, შემსრულებლები თორემ, ფიგურანტი ყოველთვის ერთია და შესაბამისად, მოსამართლის წინაშე ვშუამდგომლობ, როგორც პირველი ნაწილით, ასევე მეორე ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოსაყენებლად. ” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იქამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით , “ემპათიას” ექიმებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.

“მოგმართავთ შუამდგომლობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალოს, რომ ცენტრ “ემპათიას” მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა სისტემატურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიაწოდონ მას შესაბამისი სამედიცინო სერვისები”, – თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე განმარტებით, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთადერთი წინაპირობა პირის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობაა. უფლებადამცველს ამ საკითხზე დამატებითი არგუმენტები არ მოუყვანია, რადგან მისი თქმით, უკვე არაერთი კონსილიუმის დასკვნაა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის არაადამიანურ მოპყრობაზეც.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ არც მის პირად ექიმს და არც კონსილიუმის წევრებს. მედიკოსები და ადვოკატები კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაა საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button