„ქართულ ოცნებას“ მოსკოვიდან აქვს დავალება რომ საქართველომ არ მიიღოს სტატუსი-ოპოზიცია

ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება – „ქართულ ოცნებას“ მოსკოვში საკუთარი მმართველებისგან აქვს დავალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში, გეოპოლიტიკური მოსაზრებებით მიიღოს ქვეყანამ სტატუსი და ამის ლობირებისთვის ნებისმიერი სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რასაც ხელს უშლის „ქართული ოცნება“.
„დღეს, საქართველოს ერთადერთი შანსი, რაც რჩება, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს არის, რომ ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ პრეზიდენტის და სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ლობირებას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ამიტომ ყველანაირი მცდელობა პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მოტივაციას, მას საკუთარი მმართველებისგან, მოსკოვიდან აქვს დავალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. თუმცა, მათ შეიძლება ეს დავალება ვერ შეასრულონ და ევროკავშირმა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით გადაწყვიტოს მიანიჭოს ქვეყანას სტატუსი. თუ ასე მოხდება და ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელს ვერ შეუშლის სტატუსის მინიჭებას, „ოცნებას“ მაშინ აქვს მეორე გეგმა, რომ ისარგებლოს ამით და შეასაღოს ქართველ ხალხს, თითქოს მათ რაიმე გააკეთეს ამისთვის, რომ სტატუსი მიგვეღო. ამ შემთხვევაში მათთვის ასევე არის დამაზიანებელი, სალომე ზურაბიშვილის აქტიურობა, რადგან თუ „ოცნების“ მიუხედავად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, „ოცნება“ შეეცდება მიიწეროს ეს მიღწევა, იმის მიუხედავად, რომ არაფერს აკეთებს ხელის შეშლის გარდა,“ – განაცხადა სამადაშვილმა.
“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
მეგრელიშვილს მოჰყავს სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე ნათქვამი უარი და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა, ის მაინც წავიდა.
“გერმანიაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას მომართა 12 ივლისს, 3 აგვისტოს ვიზიტზე ეთქვა უარი. სხვა ქვეყნებზეც მარტივად და გასაგებად დავწერ:
ბელგიის სამეფო – 4 აგვისტოს მიმართა – 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
ბულგარეთის რესპუბლიკა – 4 აგვისტოს მიმართა – 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
დანიის სამეფო – 8 აგვისტოს მიმართა – 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები -10 აგვისტოს მიმართა – 14 აგვისტოს უარი ეთქვა;
ისრაელის სახელმწიფო – 8 აგვისტოს მიმართა – 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
პოლონეთის რესპუბლიკა – 4 აგვისტოს მიმართა – 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
შვეიცარიის კონფედერაცია – 16 აგვისტოს მიმართა – 22 აგვისტოს უარი ეთქვა;
ჩეხეთის რესპუბლიკა – 8 აგვისტოს მიმართა – 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
უკრაინა – 19 ივლისს მიმართა – 3 აგვისტოს უარი ეთქვა.
ანუ მიღებული ჰქონდა უარი და მაინც წავიდა!
ის კი არა, რომ იცოდა უარს ეტყოდნენ,
მთავრობის ადმინისტრაციის ცალსახა უარის მიუხედავად მაინც წავიდა!
კიდევ არის კითხვები, ვფიქრობ არა!” – წერს მეგრელიშვილი.
ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, დღეს საქართველოს კონსტიტუციას რუსული ხელისუფლება არღვევს.
“საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს). თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს! ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია!”, – წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში დაგეგმილ შეხვედრებს ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტი “უხეშად არღვევს” კონსტიტუციას, რასაც “შესაბამისი რეაგირება სჭირდება”.
საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს – თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნება” კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს.
“საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს).
თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს!
ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია“, – წერს ხაზარაძე.
ფაქტია, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კონფრონტაციული ნაბიჯია, ჯიბრზე გაკეთებული ნაბიჯიც კი არის, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების დაწყება.
როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, პრეზიდენტის გამგზავრების ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება.
„პირველი კითხვა, რაც ჩნდება – თუ მთავრობა უარს ეუბნება დაფინანსებაზეც, მაშინ, რა სახსრებით მიდის ამხელა მოგზაურობაში პრეზიდენტი, მაგრამ ეს მისი საქმეა. [თუ მისი ხარჯებით მიდის], მაშინ მისი ხარჯებია საინტერესო მოვლენა, მაგრამ ღმერთმა შეარგოს, რაც მეტი ექნება ყველას და მითუმეტეს, პრეზიდენტს კანონიერი გზით მოპოვებული, უკეთესია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, უნდა დაეწყო თუ არა სალომე ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, საყვარელიძე ასე პასუხობს:
„საკითხი დგება, რატომ უღირს პრეზიდენტს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, კონფრონტაციული ნაბიჯია, ჯიბრზე გაკეთებული ნაბიჯიც კი არის. ვისურვებდი, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტის ჩათვლით, უფრო მეტი ელასტიურობა, უფრო მეტი კოლეგიალობა ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა, როგორც ერთ მთლიან გუნდს, ისე აღიქვამდეს და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსების ერთობად. ეს ქვეყნისთვის სჯობს, თორემ ასეთი დაპირისპირება უამრავი ყოფილა ისტორიაში“, – განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, თუ რამდენად აქვს ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ქვეყნის სახელით საუბრის უფლება ან რამდენად შეიძლება ეს შეხვედრები შედეგის მომტანი იყოს, საყვარელიძე ასე პასუხობს:
„თქვენი კითხვის მეორე ნაწილი უდავოდ დამაფიქრებელია, არის თუ არა შედეგები ამ ვიზიტებისგან. როგორც ვხედავთ, თუნდაც პრემიერის, სხვა თანამდებობის პირთა ვიზიტების დროს ან უცხოელი პოლიტიკოსების აქ ვიზიტისას, ყველა უცხოელი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას მხარს უჭერენ. სავარაუდოა, რომ ახლაც პრეზიდენტს არავინ შეეკამათება იმაში, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. აქვს თუ არა, უცხოელებისთვის პრეზიდენტის სიტყვას ის წონა, რომ მათი პოზიცია ბოლომდე გაატარონ და არ დაემორჩილონ რაღაც პოლიტიკურ განწყობილებებს, რაც იმ მომენტში შეიძლება ამოტივტივდეს, ამას მომავალი, უფრო სწორად, კენჭისყრა გვიჩვენებს – რომელი ქვეყანა, რა პოზიციას დაიკავებს.
შეხვედრები ოფიციალური, წესით, არ უნდა იყოს, მაგრამ ახლა ჰენრი კისინჯერი ჩინეთში იმყოფებოდა, ეს ოფიციალურად არაფერი არ არის, გარდა უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე ანალიტიკოსის [ვიზიტისა]. ჩინეთში, მას როგორც პირველ პირს, ისე დახვდნენ, ეს ქვეყანაზეა დამოკიდებული, რა სტატუსის ფიგურანტად მიიჩნევს ამა თუ იმ ვიზიტორს. კისინჯერის და ზურაბიშვილის შედარება არ მინდა, სხვადასხვა კატეგორიებია, მაგრამ გამორიცხული არაა, პრეზიდენტის სტატუსმა მის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გამოუმჟღავნოს დამხვედრებს, როგორიც მეტ-ნაკლებად სასურველია. რა თქმა უნდა, იმის პრობლემა არის, რომ მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, ოფიციალურ ვიზიტად ეს ჩასვლა არ ჩაითვლება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ის დღეს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას გამართავს.
მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე მას უარი ეთქვა.