მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს

ჯეიკ სალივანი 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა

უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, მიწოდების შეთანხმებები განხორციელების პროცესშია.

„ჩვენ გვაქვს წესი, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ მიწოდებაზე მანამ, სანამ მომწოდებელი ქვეყანა არ გააკეთებს განცხადებას ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია შეთანხმებები როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაც რაც მომავლისთვის მუშავდება“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ასევე არის გარკვეული შეთანხმებები საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, რომლებიც განხორციელების პროცესშია.

„როცა განხორციელდება, შეიტყობთ. ეს წლის ბოლომდე მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს წლის ბოლომდე და ამაზე არის შეთანხმებები“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული.

სალივანმა უკრაინის დედაქალაქში განაცხადა, რომ „ურყევი“ მხარდაჭერა გაგრძელდება.

Reuters-ის ცნობით, ამერიკელმა სტუმარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა „ურყევი და უცვლელი“ იქნება 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგაც.

სალივანმა შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზერლენსკისა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრიი ერმაკთან. სალივანმა ამ შეხვედრების შემდეგ გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ორპარტიულ თანამშრომლობას „ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში,“ რათა შენარჩუნებული იქნეს ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე დახმარება უსაფრთხოების სფეროში.

მოგვიანებით კი პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ომში მყოფ ქვეყანას კიდევ 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. მათ შორის არის 45 ტანკი, რომელთა ნაწილი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.

დახმარების პაკეტში შედის ჯავშან ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემები და დრონები.

აშშ-ის კონგრესის, წარმომადგენელთა პალატის და სენატის არჩევნების წინ ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს ამერიკის დახმარება კიევისთვის, თუ კონგრესს რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button