მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუთებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები განახოერციელეს. „ბიბისის“ ცნობით, დარტყმები განხორციელდა იემენში 13 ადგილას 36 ობიექტზე.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით ამ დარტყმებამდე მათ თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუთების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათი თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.
ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომი კი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა.

მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

„მაღალი სიზუსტის ეს დარტყმები მიზნად ისახავს, შეაფერხოს და შეასუსტოს შესაძლებლობები, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებენ გლობალური ვაჭრობისა და უდანაშაულო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად, და არის პასუხი „ჰუსიტების“ უკანონო, საშიშ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვები სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები. ასევე განადგურებულია სანაპიროზე მდებარე დრონების მართვის ცენტრი.
ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში, მათ შორის, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს – უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით.

შეერთებულმა შტატებმა 23 იანვარს სანქციები დაუწესეს ჰუთების, იგივე „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

ჰუთები აკონტროლებენ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.

ცნობისთვის, აშშ ბოლო რამდენიმე დღეში იერიშებს ახორციელებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დადო პირობა, რომ გასცემდა “მრავალსაფეხურიან” პასუხს იმ უპილოტო თავდასხმაზე, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button