მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებას განაგრძობს

ომის 265-ე დღეს, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებას განაგრძობს. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა რუსების მიერ ანექსირებული ტერიტორიის თითქმის 53% დაიბრუნეს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონში, ქალაქი ოლეშკიც უკვე უკრაინელების კონტროლ ქვეშაა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ქალაქში და ოლქში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღვადგინოთ ნორმალური პირობები ჩვენი ხალხისთვის. ყველასთვის აშკარაა, რას ნიშნავს უკრაინა, რას ნიშნავს ჩვენი დროშის არსებობა. როდესაც არის უკრაინული დროშა, არის ცივილიზებულობა, თავისუფლება, სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება. არის ვიღაც, ვინც ხალხზე ზრუნავს. არის ყველაფერი, რასაც ანადგურებენ, როდესაც დამპყრობელი მოდის. აი, რას ნიშნავს რუსული დროშა – სრულ განადგურებას. არ არის არც ელექტროენერგია, არც კავშირი, არც ინტერნეტი, არც ტელევიზია. ოკუპანტებმა ყველაფერი განგებ გაანადგურეს. ეს არის მათი სპეცოპერაცია. ზამთრის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაუნადგურეს ხალხს აბსოლუტურად მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი კრიტიკული ობიექტი ქალაქში და ოლქში დანაღმულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა დაიბრუნებს ნორმალურ ცხოვრებას ყველა ქალაქში და დასახლებაში, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგ არის ოკუპირებული.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთს უკრაინისთვის რეპარაციების გადახდისკენ მოუწოდებს.

„გაერო-ში ჩვენი დიპლომატები დიდხანს მუშაობდნენ პარტნიორებთან, რათა შეეთანხმებინათ და მიეღოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია. პირველ მათგანს დღეს უკვე დაუჭირეს მხარი, ის ეხება საერთაშორისო საკომპენსაციო მექანიზმის შექმნას, რომელიც რუსეთის ომის შედეგად მიყენებული ყველა ზარალის ანაზღაურების საშუალებას მოგვცემს რუსული აქტივების ხარჯზე. რეპარაციები, რომელთა გადახდაც რუსეთს ჩადენილი ქმედებებისთვის მოუწევს, ახლა საერთაშორისო სამართლებრივი რეალობის ნაწილია. მეორე რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ეხება, ის ჯერ კიდევ თანხმდება პარტნიორებთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე რეზოლუცია ამუშავდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მონაწილეობით ასევე გაიმართა ბავშვთა დაცვის საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა.

„განხილულ იქნა, როგორ შევაჩეროთ რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და დავაბრუნოთ სახლებში ყველა, ვინც გაიყვანეს. ეს სულ მცირე 11 ათასი ბავშვია, ჩვენ ყველა მათგანის სახელი ვიცით. სინამდვილეში გაყვანილია მეტი. ყველა დეპორტირებულის დასაბრუნებლად ჩვენ მთელი მსოფლიოს დახმარება გვჭირდება. მჯერა, რომ ამის უზრუნველყოფას შევძლებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის ჯარები ლუგანსკის ოლქის სამი ოკუპირებული დასახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსახლებას აპირებენ. ინფორმაციას გენერალური შტაბი ავცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას განაგძობენ. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რუსეთში 11 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button