მნიშვნელოვანირეგიონი

რუსეთ-უკრაინის ომში 27 წლის თელაველი ექიმი ქალი იბრძვის.

“ამ ომის შემდეგ, ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებს”-რუსეთ-უკრაინის ომში 27 წლის თელაველი ექიმი ქალი იბრძვის.
ქეთი ლეშკაშელი ქართული ლეგიონის წევრია. უკრაინაში ომის დაწყებისას, ის ბერლინში, ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში ექიმად მუშაობდა.

რუსული საოკუპაციო ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ექიმი საქართველოში დაბრუნდა, უკრაინაში გაემგზავრა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა.

ქეთი ლეშკაშელი რუსეთში დაიბადა და მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ამბავი საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინა და ამის გამო, რუსული პასპორტი გაანადგურა.

უკრაინაში წასვლისა და ბრძოლის ისტორიაზე, ექიმმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან ისაუბრა.
“რუსეთში დავიბადე და დაბადებიდან ორმაგი მოქალაქეობა მქონდა. როცა 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის ამბავი გავიგე, მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და პასპორტიც გავანადგურე. უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ საველე მედიცინის კურსები გავიარე, მაგრამ იარაღის აღებაც მომიწია. გამოგვყავს დაჭრილი ბავშვები, ქალები და მოხუცები. ზუსტად ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებს“-ამბობს ექიმი.

ექიმი იმ სისასტიკეზე ყვება, რასაც რუსი ჯარისკაცები ომში იჩენენ და ამბობს, რომ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილებას მისი ოჯახი ემოციურად შეხვდა.

“უკრაინაში წასვლის შესახებ, ჩემს გადაწყვეტილებას, დედა ემოციურად შეხვდა. ჩემი ძმა ამერიკაშია და ზუსტად ვიცი, რომ შეეძლოს ჩემს გვერდით იქნებოდა. აქ, ომში, რუსები ყველას განურჩევლად ხოცავენ. ჯიბეში ორი პაკეტი მიდევს – ერთი დაჭრილის დასაფარებლად და მეორე დაღუპულებისთვის. ჩემთან ერთად არის 26 წლის ლაგოდეხელი გოგოც”- ყვება ექიმი.
ქეთი ლეშკაშელი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ომი, უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.
“ქართველების ლეგიონში ვართ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეომრებიც ირიცხებიან. ყოველდღე ინტენსიური დაბომბვები მიდის. აქ ყველას ერთმანეთის სიცოცხლე გვაბარია და ყველას გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ”- დარწმუნებულია ექიმი.
ქეთი ლეშკაშელმა თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განაგრძო.

შემდეგ კი, გოგონა არაბთა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ დუბაიში, კანადის უნივერსიტეტის სამკურნალო სპეციალობაზე ჩაირიცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button