რუსეთის პოლიტიკური გეგმები უკრაინაში ჩავარდა-ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პოლიტიკური გეგმები უკრაინაში ჩავარდა. ის ფაქტი, რომ რუსეთმა თავისი ხელმძღვანელობის დასმა მხოლოდ ხერსონში მოახერხა, სწორედ ამ ჩავარდნაზე მეტყველებს.
თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ კრემლის თავდაპირველი გეგმა იყო ინსცენირებული რეფერენდუმების ჩატარება, რათა უკრაინული რეგიონების დიდი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადასულიყო.
“თუ ასეთი რეფერენდუმი ხერსონში ჩატარდება, რუსეთი შედეგების მანიპულაციას მოაწყოს, რათა აჩვენოს, თითქოს უმრავლესობას უკრაინისგან გამოყოფა სურს”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
გარდა ამისა უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი სამხედროების ცხედრებს სახლში აბრუნებს.
13 მაისს, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში, მაცივრის ტიპის ვაგონებში დატვირთეს რუსი სამხედროების ცხედრები.
უკრაინის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლიამზინის განცხადებით, ეს ნაბიჯი შეესაბამება „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“:
„ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ უნდა დაუბრუნოს მეორე ქვეყანას დაღუპულების ცხედრები. უკრაინა მზადაა დააბრუნოს აგრესორების ცხედრები“, – უთხრა ლიამზინმა როიტერსს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დაღუპულია რუსული არმიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთს ინფორმაცია საკუთარი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ არ განუახლებია 25 მარტის შემდეგ. იმ დროისათვის რუსული მხარე ლაპარაკობდა 1351 დაღუპულზე.