მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი, მადლობას უხდის ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ყველას, ვინც ახლა იბრძვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის დამცველთა დღის გამო, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს, დიპლომატებს, მოხალისეებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, მაშველებს, მშენებლებს, ენერგეტიკოსებს, ფერმერებს, მეწარმეებს და მთელ ხალხს – ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით უწევს წინააღმდეგობას რუსეთს.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ გაუძლო სწორედ ქვეყნის დამცველი კაცების და ქალების წყალობით და გაიმარჯვებს დღევანდელ მტერზეც, რაც მთელი უკრაინელი ხალხის გამარჯვება იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ახსოვს ყველა გმირი, რომელიც დღეს ტყვეობაშია და ყველაფერს აკეთებს მათ დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებოდ მიმართა ქვეყნის დამცველ მეომრებს, რომლებიც უშუალოდ ფრონტის ხაზზე იმყოფებიან და რომლებზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, რომ ყველაფერს გააკეთებენ მათ კიდევ უფრო გასაძლიერებლად და მათი ძალისხმევით მოახლოებული გამარჯვების დასაჩქარებლად.

“14 ოქტომბერს უკრაინის დამცველთა დღეს აღვნიშნავთ. ეს არის მათი დღე, ვინც იბრძვის. ეს არის დღე, იმისა რისთვისაც ვიბრძვით. ეს არის გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ.

14 ოქტომბერს მადლობას გიხდით. მადლობა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ყველას, ვინც ახლა იბრძვის. ყველას, ვინც მაშინ გაიმარჯვა. და ყველას, ვინც ახლა აუცილებლად გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს ისე, რომ წარმატებას მოუტანს ჩვენი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლას. ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის ყველაზე მეტად უნდოდათ ერთი რამ – თავისუფლება, თავისთვის და მათი შვილებისთვის,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის დამცველთა დღე შეიარაღებული ძალების სამხედროებს მიულოცა მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ. მისი განცხადებით, 2022 წლის ზამთარი უკვე მსოფლიო ისტორიის ნაწილია, მტრის ძლიერ დარტყმას გაუძლეს და აჩვენეს, რას ნიშნავს იყო უკრაინელი და გქონდეს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამბედაობა. როგორც გენერალი ზალუჟნი ამბობს, დღეს საკუთარ მიწას იბრუნებენ და მათ ვერავინ შეაჩერებს. რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 233 დღის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, 2022 წლის 21 სექტემბერს, პრეზიდენტი პუტინი იძულებული გახდა რეგულარული ჯარის დასახმარებლად გამოეცხადებინა “ნაწილობრივი მობილიზაცია”.

რუსეთი სრულ კონტროლს დღემდე ვერ ახერხებს უკრაინის იმ რეგიონებზეც კი – დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე, რომლებიც ანექსირებლად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს.

შეგახსენებთ რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button