მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მტკიცებით ოდესაში ის ობიექტები გაანადგურეს სადაც ტერაქტი მზადდებოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოდესის ტაძარსა და დასახლებულ უბნებზე სარაკეტო იერიშს უარყოფს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში იერიში მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც “რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა”.

“ოდესის ოლქში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები უპილოტო კატერების გამოყენებით მზადდებოდა. ამასთან, ობიექტებზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ”, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

მომხდარ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ოდესის გამო რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ, რუსული ბოროტება კი დამარცხდება.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ოდესაში მომხდარ თავდასხმაზე უკრაინას სათანადო რეაგირება ექნება.

“რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი ოდასასა და რეგიონზე არის უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელის სრული იზოლაციის მცდელობა და დაშინების გზით “მარცვლეულის დერეფნის” ფუნქციონირების აღდგენის საერთაშორისო ძალისხმევის აღკვეთა და განეიტრალება.

[პუტინის] გეგმა არის მსოფლიოს დაჩოქება და რუსეთის გადაქცევა მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად. “ენერგეტიკული ზასახელმწიფოს” ჩავარდნის შემდეგ, პუტინს სურს გახდეს “მარცვლეულის ზესახელმწიფო”. უკრაინას ესმის და აცნობიერებს ამ განზრახვებს, რაზეც სათანადო რეაგირება ექნება”, – ამბობს დანილოვი.

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, “ამ დრომდე არ შესრულებულა”. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტზე თავდასხმები გააძლიერა. მომხდარი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხალხის დაცვა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაავალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button