მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრიშოვეევი შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ ჰომოფობიურ ინიციატივას ახორციელებს ქვეყანა რმელიც EU-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი-გოცირიძე

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ქართული ოცნების პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება.

“ეს შემოთავაზებული ინიციატივა არის აშკარა თავდასხმა ადამიანის უფლებებზე საქართველოში და განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების უფლებებზე”, – აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

კრიშოვეევი შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ მსგავს ინიციატივას ახორციელებს ქვეყანა, რმელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.

“ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ღალატობს ადამიანის უფლებათა პრინციპებს, არამედ მისდევს ყველაზე სამწუხარო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც ლგბტი პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა. ეს შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველასთვის, როგორიცაა გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად”, – აღნიშნავენ Amnesty International-ში.

ქართული ოცნების ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს.
“შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობის მოსალოდნელ შინაარსთან დაკავშირებით და ჩვენ ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას. ველოდებით კანონპროექტის სრული ტექსტის გამოქვეყნებას და ამის შემდეგ გვექნება მეტი სათქმელი”, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

„ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე შეასწორონ კონსტიტუცია და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “საოჯახო ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” შესახებ. ის ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსში, და შეუძლია ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, LGBTI ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და მათი უფლებების დამცველებზე. ის ასევე LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს არჩევნებამდე გზაზე, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველას ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა,” – განაცხადა მიატოვიჩმა.
ადამიანი უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ მან საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა ყველა ფორმის დისკრიმინაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგულნი იყვნენ.
„შესაბამისად, ქართველ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ სრული პატივი სცენ ადამიანის უფლებების მხრივ მათ ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მათ შორის LGBTI ხალხის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობისთვის გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში LGBTI-ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება”, – განაცხადა მიატოვიჩმა.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი და მსოფლიოში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს, სადაც მსგავსი კანონია შემოღებული, მათმა მცდელობამ კრახი განიცადა და კანონპროექტიც კი არ წარმოადგინეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდს წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება ის თემა, რომელზეც საუბარი დაიწყეს.

„იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, ეს მხოლოდ თემის შემოგდებისთვის სჭირდებათ. რატომ აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ კონსტიტუციას ვერ ცვლი? საჭიროა 113 ხმა და 90-იც არ აქვთ. 23 ხმას როგორ აგროვებ? მათთვის ეს თემა არ არის მართლაც მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მოატყუონ და რუსული პროპაგანდის ხერხებით წინასაარჩევნოდ ალაპარაკონ არა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არსებობს – სიღატაკე, ფასების ზრდა, ემიგრაცია და საშინელი მდგომარეობა – არამედ მოგონილ და არარსებულ პრობლემებზე. ეს მორიგი რუსული კანონის პროპაგანდისტულად გამოყენების მცდელობაა. არაფერი გამოუვიდათ, რადგან ხალხს ეს თემა არ აინტერესებს. არათუ ხალხს, „ქართულ ოცნებაშიც“ კი იმდენად რცხვენიათ ამ საკითხზე საუბრის, რომ ერთადერთი მოლაპარაკე, ე.წ. სპიკერი მდინარაძეა, რომელიც თემაშიც ვერ გარკვეულა და ტერმინოლოგიის დონეზეც ვერ ფლობს საკითხს. სად არიან „ქართული ოცნების“ ქალები, რატომ იმალებიან, რატომ არიან მდინარაძის ზურგს უკან ამოფარებულები? როგორც ერთ სიმღერაშია, „როცა მოგიხმობს პარტია“ – მოუხმობს პარტია და ადამიანებს, ვისაც საფრანგეთში უცხოვრია ან გავლით ყოფილა პარიზში და ახლა ჩუმადაა, აალაპარაკებს. მათ განცდებს და ღირსებას არავინ ანგარიშს არ გაუწევს. რატომ არ ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ“, – განაცხადა გოცირიძემ.
25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები.

არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

მსგავსი პოსტები

Back to top button