რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დაანგრიეს 35 ათასზე მეტი ობიექტი
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა.

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დაანგრიეს 35 ათასზე მეტი ობიექტი. ამის შესახებ 27 დეკემბერს, ღამით, ეროვნული ტელემარათონისას განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა.
მისი ინფორმაციით, განადგურებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის 702 ობიექტი, მათ შორის გაზსადენები, ელექტროსადგურები და ხიდები.
“ზოგადად უკრაინაში, ამჟამინდელი მონაცემებით, ინფორმაცია გვაქვს რუსეთის თავდასხმების შედეგად 35 000-ზე მეტი განადგურებული ობიექტის შესახებ. დაახლოებით 30 000-ის დაბომბვა შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა, 702 კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტს დაარტყეს. კონკრეტულად ვგულისხმობთ გაზსადენებს, ელექტროსადგურებს, ხიდებს და ა.შ” – განაცხადა ენინმა.
ბოლო 24 საათში უკრაინის პოლიციაში 27 დასახლების დაბომბვის შესახებ შევიდა ინფორმაცია, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანახმად, განსაკუთრებით დიდი ზარალია დონეცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა უმწვავეს ენერგოკრიზისშიც აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთმა დაიწყო მიზანმიმართული, მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის ენერგოობიექტებზე. კრიზისის დასაძლევად უკრაინას ფინანსებით და ტექნიკური საშუალებებით ეხმარებიან პარტნიორი ქვეყნები.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემების მიხედვით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა.
დაღუპულთა შორის:
2 719 კაცია;
1 832 ქალი;
175 გოგონა;
216 ბიჭი;
38 ბავშვი და 1 904 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი წერტილიდან, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს შეფერეხბულია. ეს განსაკუთრებით ეხება მარიუპოლს, იზიუმს, ლისიჩანსკს, პოპასნას და სევეროდონეცკს.