მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს რუსეთმა უკრაინაში 70-ზე მეტი შაჰედი გაუშვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს რუსეთმა უკრაინაში 70-ზე მეტი შაჰედი გაუშვა.
“რუსეთმა 70-ზე მეტი შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინაში სწორედ ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გაუშვა. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს, რომ მოკვლა შეუძლია.
ჩვენმა მეომრებმა დრონების უმეტესი ნაწილი ჩამოაგდეს. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და მსოფლიოს გაერთიანებისთვის რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და მის ქმედებებზე პასუხი აგოს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
“​უკრაინა არასდროს დაივიწყებს თავის ხალხს, რომელთა სიცოცხლეც ჰოლოდომორის გენოციდმა შეიწირა. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ რა გაიარა უკრაინამ და აუცილებლად შევაჩერებთ იმ ახალ გენოციდს, რომელიც რუსეთმა, ტოტალიტარიზმის მემკვიდრე ქვეყანამ, მოგვიტანა,” – აცხადებს ზელენსკი.
მან ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და დაგმოს წარსული დანაშაულები – მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და შეაჩეროს დღევანდელი დანაშაული.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 75 დრონიდან 71 გაანადგურეს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქ კურსკის რეგიონიდან კიევის მიმართულებით იყო გაშვებული.

უკრაინის მინიმუმ ექვს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მათ შორის კიევში, სუმში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევსა და კიროვოგრადში.

“უკრაინის საჰაერო ძალების დამსახურებით, Shahed-131/136-ის ტიპის 71 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. ამასთან, დნეპროპეტროვსკის რეგიონში უკრაინელებმა X-59 მართვადი რაკეტების ჩამოგდება შეძლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან რუსეთის მთავარი სამიზნე წუხელ უკრაინის დედაქალაქი იყო. მხოლოდ კიევის მიმართულების მათ 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
თავდასხმის შედეგად კიევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა – სადენების დაზიანების გამო, დენი არ მიეწოდებოდა 77 სახლს და 120 დაწესებულებას.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button