
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 706 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 520 129-მდე გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 114 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 6 829-ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში დღემდე 274 641 კოვიდინფიცირებული განიკურნა.
სომხეთში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 16 004-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 264-ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსისგან 6 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ხელისუფლებამ სომხეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, პრეზიდენტი ფიზიკურ კომუნიკაციას წყვეტს და ონლაინ შეხვედრების ფორმატზე გადადის.
„პრეზიდენტი მასობრივ ღონისძიებებს აღარ დაესწრება, გადაიდო ყველა სამუშაო ვიზიტი. მასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მხოლოდ პირად დაცვასა და პირად ასისტენტებს ექნებათ.”- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად პრეზიდენტის ტესტის პასუხი კი, უარყოფითი იყო.
worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, უკრაინაში კორონავირუსის 30 506 შემთხვევაა დადასტურებული; 880 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 13 976 პაციენტი გამოჯანმრთელდა.