ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!- პრემიერი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2-დღიანი დუმილის შემდეგ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
“პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ტრაგედია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოსთვის დიდი დანაკლისია და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წინა შემთხვევების დროს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე
პრემიერის თქმით, ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია.
“მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას. ქართველი კაცი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან, სამძიმარი იქნება ეს თუ ნებისმიერი ფორმით, ქმედებით გამოხატვა. რასაც სჩადიან პოლიტიკოსები, ეს არის მხოლოდ ამორალური ფარისევლობა და სხვა არაფერი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა ფარავს.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.
“ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის.
მინდა მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს!”
– განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა პრემიერმა ოპოზიციაზეც ისაუბრა მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული
მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები „მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს“.
„წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები საქართველოში ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ისინი არიან ოპოზიციაში და იქედან ცდილობენ ომის გახსნას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე? საკუთარი ნებით და გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20% – კოდორის ხეობა, ასეულობით სოფლები და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომს და მათ გაუთვლელ ნაბიჯებს.
უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ასევე დღეს მსოფლიოში და ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება. მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტით, ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ საომარ მოქმედებებში და სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი და შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის განმსაზღვრელი ჩვენი კეთილდღეობის. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო – სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული ეროვნული პოლიტიკა და არა ომით, მითუმეტეს წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად “ომის პარტიის” წარმომადგენლებს მიჰყავთ და ამით გარკვეული პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.
“მინდა ვთქვა, რომ ვუყურებთ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე. ადამიანი გარდაიცვალა, ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ?!
როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად, ე.წ მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს გამოდიან და ცდილობენ, ასეთი მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას. კიდევ ყველას შევახსენებ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, მთავრობა პირველი დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები არიან და ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და ამორალური პოპულიზმი არის უბრალოდ შემაშფოთებელი, არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას”, – თქვა ღარიბაშვილმა.
5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში 3 დეკემბერს დაიღუპა, დაჭრილია მეთაური, გრძელდება ბრძოლა დაღუპულების ცხედრების გამოსაყვანად. გარდაცვლილის ოჯახებს 4 დეკემბერს სამძიმარი ქართულ ენაზე გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.
მოძრაობა “სირცხვილია” 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვს.
შეგახსენებთ რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელი წერტილად მიიჩნევა. ასევე დაბობმვის შედეგად დაჭრილია კიდევ რამდენიმე ქართველი მბერძოლი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.