მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო

თელავში, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, სამუშაო ადგილზე უტარებენ.

მოვაჭრეები, რადიო ჰერეთთან განმარტავენ, რომ რეგულარული ტესტირების საშუალებით, ისინი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეძლებენ.

“თუ ტესტირება ხშირად ჩატარდება, ჩვენ სამუშაო ადგილებს არ დავკარგავთ. ონლაინში, საერთოდ არაფერი იყიდებოდა, მხოლოდ ფასებს კითხულობდნენ. კარგი იქნება, თუ ჩვენი ხარჯით არ მოგვთხოვენ ტესტის გაკეთებას”- განაცხადა ერთ- ერთმა მოვაჭრემ.

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, ტესტირება პირველ მარტამდე უფასო იქნება.

“დღეს ვინც გაიხსნა, აუცილებლად უნდა ჩავუტაროთ ტესტირება, რომ დაზღვეულები ვიყოთ. 1 მარტამდე ეს პროცესი იქნება უფასო. ასევე გაიტესტებიან პედაგოგები, ორ კვირაში ერთხელ და აქედან 20 %- ს, პსრ ტესტი ჩაუტარდება. ეპიდემიოლოგიური ვითარება გვიკარნახებს, როგორ მოვიქცეთ”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

დღეს თელავში, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა, დახურული ბაზრობები მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, სავაჭრო ცენტრი, რომელსაც 30 თანამშრომელზე მეტი ჰყავს, ვალდებულია კორონავირუსზე ტესტირება მოვაჭრეთა 20%- ს ჩაუტაროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button