მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ავიაკატასტროფა ბელგოროდის ოლქში -თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იყო რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა

თვითმფრინავში, რომელიც დღეს ბელგოროდში, სოფელ კრიივში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედროიმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი – 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა. უწყების ცნობით, „Ил-76“ ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა გეგმური ფრენის შესრულების დროს განიცადა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილისკენ საგამოძიებო კომისია გაემართა.

ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ-არხში წერს კოროჩანსკის რაიონში „შემთხვევის შესახებ“ და აღნიშნავს, რომ ადგილზე ამჟამად საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. გლადკოვის თქმით, ის შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.
“მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე, ბელგოროდის რეგიონში დაგეგმილი ფრენის დროს Il-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა”, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ თვითმფრინავს, С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ილ-76 სამი რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან დუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინის ხელმძღვანელობამ შესანიშნავად იცოდა დაგეგმილი გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, როგორ მოხდებოდა ტყვეების ტრანსპორტირება, თუმცა თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს Patriot-ის ან გერმანული წარმოების IRIS T-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სამი რაკეტით, სპეციალისტები გაერკვევიან“, – განაცხადა დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კარტაპოლოვის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე დატყვევებული უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. რუსი დეპუტატის მტკიცებით, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს უკან კიდევ ერთი „ილ-76“ მიჰყვებოდა, რომლის ბორტზე 80-მდე სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. როგორც კარტაპოლოვმა აღნიშნა, თვითმფრინავის უკან გაბრუნება მოასწრეს.
რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button