კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებული პირები პანკისელები არიან

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებული პანკისელების ნათესავებს, მომხდარ ფაქტზე, მედიასთან ღიად  საუბარი არ სურთ.

ერთ-ერთი დაკავებულის, ისლამ დუიშვილის  დედა, პირად საუბარში ამბობს, რომ მის შვილს მომხდართან კავშირი არ აქვს და  ფარეულიძეებთან მხოლოდ მძღოლად მუშაობდა.

რაც შეეხება ზელიმხან აჭიშვილს, მისი ოჯახის ახლობლის, ლეილა აჭიშვილის განმარტებით, მან დაკავების შესახებ, სოციალური ქსელით შეიტყო.

„ის ჩემი ნათესავია. ძალიან ახალგაზრდაა, 21 წლის. აქ რაღაც პროექტის გაკეთება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და თბილისში გადავიდა. რაც შეეხება გატაცებასა  და ფულის გამოძალვას, რასაც ბრალად სდებენ, აბსურდი მგონია“, – აცხადებს აჭიშვილი.

დაკავებული ბაქარ ფარეულიძის ძმა, ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, რომ ტაჯიკი ბიზნესმენები მათი მოვალეები არიან.

„მათ ვალი ჰქონდათ. გატაცება და რაღაც სისულელეები არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან ჯერ არავინ გამოუკითხავთ. სახლის გამოსასვლელში დააკავეს. ეთქვათ, რომ ასეთი საქმეა და მოდითო, თვითონ გამოცხადდებოდნენ. ჩვენ ბრალდებას არ ვეთანხმებით“, – აცხადებს ფარეულიძე.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბაქარ ფარეულიძე, სწორედ ის პირია, ვისი კუთვნილი იარაღიც 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოსთან მომხდარი, ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.

ფარეულიძე, მკვლელობისათვის მსჯავრდებული, არბი ქავთარაშვილის სიძეა.

შეგახსენებთ, რომ ბაქარ ფარეულიძე და მისი დაცვის სამი წევრი, თბილისში ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას შს სამინისტროც ავრცელებს.

„ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე, შს სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 პირი, 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, “LEXUS GX”-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს “CZ”-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button