პურსა ცხიმზე და შაქარზე ფასები შემცირდა თუმცა მედიცინის კუთხით გაიზარდა-საქსტატის
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, შაქარზე, ფასები შემცირდა.
ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფასები წინა წელთან შედარებით, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე, ხილზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და საავადმყოფოების მომსახურებაზე კი გაიზარდა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.1 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (-2.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-2.8 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-2.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი).
რაც შეეხება წლიური ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.
ინფლაციას [სამომხმარებლო ფასების ინდექსს] სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს.
სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას, როგორიცაა საკვები, ტექნიკა, ტანსაცმელი და სხვა.
თითოეულ პროდუქციას საკუთარი წონა აქვს მინიჭებული და ზოგიერთ მათგანზე ფასის ცვლილებას უფრო მეტი გავლენა აქვს ინფლაციაზე, ვიდრე სხვებს.
ფასების დონის ზრდის გარდა, ინფლაციას ასევე განმარტავენ, როგორც ფულის მსყიდველუნარიანობის შემცირებას.
ამიტომ ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, რაც რეალურად ფასების სტაბილურობას გულისხმობს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა.
ინფლაციის დაბალ დონედ კი ცენტრალური ბანკი 3%-ს მიიჩნევს.
ბოლო წლებში ინფლაციის ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა, 2022 წელს ქვეყანაში ფასების ორნიშნა ზრდა იყო და ინფლაციის საშუალო დონემ 11.9%-ს მიაღწია.
2023 წლიდან ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო და საშუალოდ 2.5%-ს მიაღწია. მარტივად რომ ვთქვათ, შარშან ფასების საერთო ზრდის ტემპი შემცირდა.