მნიშვნელოვანისიახლეები

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ამ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დღეს გამართულ სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟია და მმართველ პარტიას შესთავაზა, რომ ამ ეტაპზე არ დააინიცირონ ცვლილებები ან არ განიხილონ დაჩქარებული წესით და პროცესში ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია ჩაერთოს.

მმართველი პარტიის წევრებმა ბოკუჩავას ინიციატივა არ გაიზიარეს.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი – 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში “ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ”.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს დეტალურად შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში მკაცრ რეგულაციებზე, რომელსაც ოცნება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენს.

იოსელიანის თქმით, კანონპროექტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს “დეტალურ შეფასებას”.

“ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩემთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ამიტომ გამიჭირდება ჯერ დეტალურად საუბარი კანონპროექტზე, რომელიც დღეს დარეგისტრირდება და ალბათ, დღესვე გვექნება საშუალება ეს კანონპროექტი ვნახოთ, გავეცნოთ და უფრო დეტალური შეფასება ამისი გავაკეთოთ შემდგომ. თუმცა, არცერთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იყო აქამდე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ან შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გარწმუნებთ, რომ არც ეს დარჩება”, – განაცხადა იოსელიანმა.

კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით დაცულია შეკრება/მანიფესტაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს მშვიდობიან ფარგლებში ტარდება და კანონით დადგენილ ფარგლებს არ სცდება. კანონმდებლობაში დღესაც გარკვეული ჩანაწერებია, რომლითაც ეზღუდებათ აქციის მონაწილეებს შეკრება/მანიფესტაციის დროს ისეთი ნივთების ქონა, რომელიც საფრთხის შემცველია სხვა პირის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, მაგალითად, ცივი იარაღის ქონა და ა.შ. – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

დარახველიძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლებელია, კანონპროექტში ცალკეული რედაქციული ცვლილებები განხორციელდეს.

„ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადება, რომ კარვების გამოყენება შესაძლებელია, ყოფილიყო არეულობის მოსაწყობად და ა.შ. აღნიშნულ კანონპროექტს თუ ჩავხედავთ, იქ არის ლეგიტიმური მიზნები გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება, პოლიციას მიეცეს უფლება, რომ შეზღუდის კარვის ქონა. აქ არ წერია ის, რომ მთლიანად იკრძალება კარვის ქონა. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითისთვის, საფრთხის შემცველია კარვის არსებობა ვინმეს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ან პოლიციას ხელი ეშლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში, ან კარვების მეშვეობით ხდება მნიშვნელოვნად შეფერხება საწარმოს ან დაწესებულების ფუნქციონირების, ან საერთოდ არ არის დაკავშირებული კარვის არსებობა შეკრება/მანიფესტაციასთან, ამ შემთხვევაში პოლიციას ეძლევა უფლებამოსილება, რომ შეზღუდოს კარვით სარგებლობა. თუმცა ეს ყველაფერი წარდგენილი იქნება სასამართლოში და სასამართლო განიხილავს, პოლიციის გადაწყვეტილება ლეგიტიმური იყო თუ არა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს კანონპროექტი, რაც პარლამენტშია წარმოდგენილი, სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციურ ნორმებთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. აქ შეშფოთების საგანი არ უნდა იყოს. ასეთი ტენდენციაა, როცა რაიმე კანონპროექტი არ მოგწონს, ყველაფერს უნდა დავარქვათ რუსული და ეს იქნება ცუდი კანონპროექტი. ჩავიხედოთ, შიგნით რა წერია. აქ საუბარი არ არის, რომ ზოგადად კარვის არსებობა იკრძალება შეკრება/მანიფესტაციის დროს. პარლამენტში განხილვები იქნება და შესაძლებელია, ცალკეული რედაქციული ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა დარახველიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button