მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჩნდება საფრთხე, მედია იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ-კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2021 წლის 11 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50 -ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობა.

საქმე შეეხება „TV პირველის“ მიერ 2021 წლის 06 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 09 მარტს საქართველოს პროკურატურამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ. ჰტტპს://წწწ.ინტერპრესსნეწს.გე/…/645670-პროკურატურა… ვფიქრობთ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ.

ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ.-წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button