Freedom House “ქართულ ოცნებას” “აგენტების კანონის” გაწვევისკენ მოუწოდებს
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" დაბრუნება გადაწყვიტა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. ამის შესახბ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსგავსი კანონი საზოგადოების ფართომასშტაბიანი ზეწოლის შედეგად ჩავარდა.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავსად, ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, რომელიც სისტემურად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან.
ჩვენ მოვუწოდებთ პარტია ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა განაცხადა.
„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.
„ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია“, – აღნიშნა კრისტიანე ჰოფმანმა.
გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერის მოადგილის, კრისტიანე ჰოფმანის ცნობით, 12 აპრილს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უმასპინძლებს და მხარეები ორმხრივი ურთიერთობების, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.
აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელითაც არის ცნობილი, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიციირებასთან დაკავშირებით თავმჯდომარის განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს არის რუსული სტილის კანონპროექტი.
„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის მსგავსი და მისით შთაგონებული…
მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, მიატოვოს ეს კანონპროექტი და დაუბრუნდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ მიმართულებას და თავისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ აშშ-ში ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა – თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ უიკერი ქართული ოცნების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახლა მიღებას ეხმაურებიან.
ისინი აღნიშნულ კანონპროექტს რუსული კანონის ასლს უწოდებენ და მისი ხელახლა მიღების მცდელობის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
ამერიკის პენცენტრი ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და წერს, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა.
“უბრალო კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ, პარტია ქართული ოცნება კვლავ ბიძგს აძლევს ე.წ. უცხოელი აგენტის კანონს, რათა ძირი გამოუთხაროს მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.
სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს სიტყვების: “გამჭვირვალობა”, “ანგარიშვალდებულება” და “უსაფრთხოება”, მნიშვნელობას, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.
არ შეცდეთ, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას. საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცხადებული ევროკავშირის წევრობის მისაღწევად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა”, – წერია განცხადებაში.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” იქნება, ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.” მდინარაძის თქმით, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა “რუსული კანონი” უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.