მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კარასინის თქმით ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ირონიული კომენტარით გამოეხმაურა რუსი სენატორის გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის შესახებ.

კარასინის თქმით, ევროპელ დიპლომატს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა.

„დააშოშმინეთ ბორელი, გეთაყვა! კვლავ ეჩრება თავისი ჭკუის სწავლებებით. ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრებს!“ – დაწერა კარასინმა. ეგ განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გუშინ, “რუსული კანონის” პირველი მოსმენით მხარდაჭერასა და მასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რამაც თბილისის ცენტრში ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

“გრიგორი ბორისოვიჩ, – მიმართა მარია ზახაროვამ გრიგორი კარასინს, – შეუძლებელია ბორელის დამშვიდება – ჩვენ ექიმები არ ვართ. ბორელის თქმით, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ახლა გასაგებია, რატომ არ არის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ევროკავშირში – ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს“.

სწორედ აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (FARA) ასახელებენ მთავარ არგუმენტად როგორც კანონპროექტის ინიციატორები („ხალხის ძალა“), ასევე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არსებითად განსხვავდება ამერიკული FARA-საგან. სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი „სავარაუდოდ ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას“

ცნობისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი:

„ეს მოვლენების ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის, – წერს ბორელი, – კანონი თავისი ამჟამინდელი ფორმით შეიცავს საფრთხეს, რომ ის დამაშინებელ ზემოქმედებას იქონიებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, რომლებიც ამ ორგანიზაციების მუშაობიდან იღებენ სარგებელს. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ის ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიზანს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოოდ მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე.

ევროპის კავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის სფეროში და გაიხსენოს ხალხის უფლება მშვიდობიან დემონსტრაციაზე“, – ნათქვამია ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ ქართულმა ოცნებამ 7 მარტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, “პროპორციული ძალა გამოიყენეს”.

ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 66 ადამიანი. დაკავებულების ნაწილი ამბობს, რომ პოლიციამ მათზე იძალადა. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართულმა ოცნებამ კანონპროექტს მხარს დაუჭირა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და “გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს”.

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული “საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის”.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა – მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

ხელისუფლებას დასავლეთთან ერთად რუსული კანონის არმიღებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოში არსებული ორგანიზაციები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები და მოქალაქეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button