კახა ჯამბურია ისაკო ცქიფურიშვილის საქმიანობით კმაყოფილია

ლაგოდეხში გამგებლობის ყოფილმა კანდიდატმა ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ისაკო ცქიფურიშვილმა, მოქმედ გამგებელთან კახა ჯამბურიასთან პირდაპირ ეთერში დებატებზე უარი თქვა.

როგორც თოქ-შოუ “თავისუფალი დროს” დაწყებისას გადაცემის წამყვანმა მარინა გოგოლაძემ აღნიშნა, “ისაკო ცქიფურიშვილი თვლის, რომ გამგებელი ბევრ საქმეს აკეთებს და მასთან სადებატო არაფერი აქვს, ამიტომ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა”.

“ბატონო კახა, ბურჯანაძის პარტიაში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გყავთ, იცოდით ამის შესახებ?” – ეს კითხვა მარინა გოგოლაძემ გამგებელს დაუსვა, რაზეც კახა ჯამბურიამ უპასუხა, რომ “ის და ისაკო ცქიფურიშვილი მუნიციპალიტეტში “საერთო საქმეს” აკეთებენ. კერძოდ კი ისაკო ცქიფურიშვილი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდს ნაწილობრივ აფინანსებს”.

“ჩემთვის სასიხარულოა ისაკო ცქიფურიშვილის ასეთი განცხადება და ვთვლი, რომ ოპოზიციამ თუ პოზიციამ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ მუნიციპალიტეტისთვის და ამით ხალხი იქნება კმაყოფილი”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.

გამგებელს გადაცემაში ისიც ჰკითხეს, ხომ არ ლობირებს ის ისაკო ცქიფურიშვილის ბიზნესებს, რაზეც კახა ჯამბურიამ უპასუხა, რომ „ის არავის ბიზნეს ინტერესებს არც ლობირებს და არც აპირებს. ვინც კეთილ საქმეს გააკეთებს ყველას მადლობას გადავუხდი და გავაპიარებ“, – განაცხადა გამგებელმა.

ხმა – გადაცემიდან “თავისუფალი დრო”

კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებულმა ოპოზიციამ” 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაგოდეხში გამგებლობის კანდიდატად ისაკო ცქიფურიშვილი წარადგინა, თუმცა ის არჩევნებში კახა ჯამბურიასთან დამარცხდა.

იმ პერიოდში ისაკო ცქიფურიშვილი კახა ჯამბურიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. წინასარჩევნო კამპანიისას, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს კი კახა ჯამბურია და ისაკო ცქიფურიშვილი ერთმანეთის საპირისპიროდ ბრალდებებს არ იშურებდნენ.

ისაკო ცქიფურიშვილი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. მაშინ ცქიფურიშვილი დეპუტატობის კანდიდატად პარტიული სიით “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინა. სიაში ის 91–ე ნომერი იყო. 2007 წელს ისაკო ცქიფურიშვილი რადიო „ჰერეთს“ ლიცენზიის ჩამორთმევით ემუქრებოდა, თუ ეთერში არ შევწყვეტდით ოპოზიციური აზრის გაშვებას.

მაშინ, ცქიფურიშვილი ჩვენს კომპანიაში გოჩა მამაცაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კირკიტაძის სახელით მოვიდა. მუქარა, დაშინების მცდელობა, თანხების შემოთავაზება – ყველა ხერხი სცადა, როგორმე ჩვენთვის სიმართლის თქმა რომ მოეშლევინებინა. მალევე კომისიამ (თითქოსდა უკანონო მაუწყებლობისთვის) ყოველგვარ სამართლებრივი რეგულაციების უგუვებელყოფით, “ჰერეთისთვის” სანქციის დაწესება მოინდომა, თუმცა მოგვიანებით სახალხო დამცველისა და საელჩოების აქტიური ჩარევით, ჩვენ კვლავ ეთერში დავრჩით.

ეს ფაქტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიცაა ასახული.

ამ თემაზე ნახეთ ვიდეომასალა: რამაზ სამხარაძემ საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს უპასუხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button