მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია ვეტოს მოლოდინშია

ოპოზიციამ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადოს. პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ კანონი ანტიდემოკრატიულია.

“ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად გამოეხმაურნენ და სწორედ ჩვენი ინიციატივით შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ საკითხზე, ეს გახსოვთ, რომ კანონის მიღების დღეს მოხდა. ეს არის სასჯელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში.

მე გითხარით, რომ ერთია ვეტოს უფლება და მივესალმები თუ ამ ვეტოს გამოიყენებს პრეზიდენტი და ეს პირველი პრეცედენტი იქნება. მეორეა, რომ პარალელურად ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ჩვენ აუცილებლად დავარეგისტრირებთ კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, დავაბრუნოთ ძველი ნორმები, რაც იყო”,- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი  ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს ის შეშფოთება, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს.

გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვეტოს ჯერ უცნობია. ზურაბიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე ხელმოწერისთვის ვადა კიდევ ერთი კვირა აქვს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

მსგავსი პოსტები

Back to top button