საქართველოს წელს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია

2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების 20%-ია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $865.8 მლნ. მიიღო, რაც 2019 წლის სამი კვარტლის ტურისტული შემოსავლის 34%-ია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4-ჯერ გაიზარდა. 2021 წლის 9 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 500 853 ვიზიტორი ეწვია.
მათივე ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვის მონაცემთან (1 032 293) მიმართებით, 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 52%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10.4-ჯერ გაიზარდა. ვიზიტორთა შორის 48% საქართველოს (242 601), ხოლო 52% (258 252) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს სტუმრობდა. ვიზიტორთა ნაკადი ლოკაციებზე ასე გადანაწილდა:
1. მარტვილის კანიონი
2. პრომეთეს მღვიმე
3. ყაზბეგის ეროვნული პარკი
4. ოკაცეს კანიონი
5. მტირალას ეროვნული პარკი
6. თბილისის ეროვნული პარკი
7. სათაფლია
8. ალგეთის ეროვნული პარკი
9. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
10. ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
მომდევნო 10 წლის პერსპექტივაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვიზიტორთა 8 მილიონამდე ზრდას ელიან.