მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – მესამე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგში

იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.

“საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.

საქართველოს სახელმწიფოს ამ დრომდე ორი სახელმწიფოთაშორისი დავა ჰქონდა რუსეთთან. მათ შორის, პირველ დავაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა, გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე დავას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, საქართველო გადაწყვეტილების გამოცხადებას ელის.

მსგავსი პოსტები

Back to top button