მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ნაციონალური მოძრაობა პარტიის თავმჯდომარემ დატოვა

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააავრცელა.

“მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად”, – წერს გრიგოლ ვაშაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

ვაშაძე აცხადებს, რომ პარტიული სტრატეგიის არარსებობა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასევე  მიუღებელია დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმა. როგორც ის განმარტავს, ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.

“მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.
შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.
ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს!“-წერს ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” საარჩევნო სიაში რიგით მეორეა. ეს საარჩევნო ბლოკი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. იტყვის თუ არა გრიგოლ ვაშაძე საპარლამენტო მანდატზე უარს, ამის შესახებ მის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

მსგავსი პოსტები

Back to top button