მარცვლეულის შეთანხმება რუსეთის გარეშე რისკებს გამოიწვევს

მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელების მცდელობა რისკებს გამოიწვევს, ვინაიდან მარცვლეულის დერეფანი ომის ზონის მიმდებარედ არის და მას თავად კიევი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხს „კომენტარი სჭირდება“ რუსი სამხედროების მხრიდან, რადგან საუბარია საომარი მოქმედებების ტერიტორიის უშუალო მიმდებარე ზონაზე.
პესკოვის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის გარეშე თუ გაფორმდება რაიმე შეთანხმება, ქვეყნები, რომლებიც მზად იქნებიან მასში მონაწილეობის მისაღებად, მზად უნდა იყვნენ რისკების ასაღებადაც.
„უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების გარეშე, იქ გარკვეული რისკები წარმოიქმნება. ამიტომ, თუ რაიმე გაფორმდება რუსეთის გარეშე, მაშინ ეს რისკები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ვერ ვიტყვით, რამდენად და რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკებისთვის. არავისთვის აღარ არის საიდუმლო, აშკარა ფაქტია, რომ ამ ზონას კიევის რეჟიმი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, „რუსეთი ასრულებდა თავის ვალდებულებებს და გაახანგრძლივა ეს შეთანხმება რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა, რომ პირობები რუსეთთან მიმართებაში არ სრულდებოდა“.
პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის, უფასოდ ჩაანაცვლოს მარცვლეულის მიწოდება ღარიბი ქვეყნებისთვის. მოსკოვში თვლიან, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ღარიბმა ქვეყნებმა ყველაზე ნაკლები მიიღეს.
„რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია შენარჩუნებულია. აფრიკისთვის რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი ივლისის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტზე განიხილება. ჩვენ კონტაქტზე ვიმყოფებით ჩვენს აფრიკელ პარტნიორებთან, ეს კონტაქტები გაგრძელდება სანკტ-პეტერბურგის სამიტზე, ვემზადებით და ველით მათ“, – განაცხადა პესკოვმა.
რაც შეეხება შეთანხმებიდან გასვლის გამო დასავლეთისგან წამოსულ კრიტიკას, პესკოვის თქმით, „შეიძლება, უსინდისო ეწოდოს ევროპული სახელმწიფოების პოზიციას“.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესთავაზა, გაეგრძელებინათ მარცვლეულის შეთანხმება ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე.