მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა

პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა -ამის მიზეზად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა სახელდება.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამის მოტივად დასახელებულია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხების შემდგომ დაზუსტებას უკავშირდება.

„ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით – მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და მიიღო. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი შეფასებით, საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება.

ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტიმონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს.

მეორეა “პერსონალური” მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა “ოლიგარქებად” კვალიფიცირდნენ. ასეთი მიდგომა ამ ხალხის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს.

ვენეციის კომისიის თანახმად, “პერსონალურ” მიდგომას უფრო სადამსჯელო ხასიათი აქვს და ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს იწვევს, თუ სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები არ არსებობს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი “პერსონალურ” მიდგომას ეყრდნობა.

“ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას უფრო ემხრობა, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა”, – წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია კატეგორიულად არ უარყოფს “პერსონალური” მიდგომის ყველა ელემენტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს.

“ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ [საქართველოს] კანონპროექტში მიღებული “პერსონალური მიდგომა”, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს მოიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება”, – წერია დასკვნაში.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც საკომიტეტო განხილვები კვლავ განახლდება.

ოპოზიციის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ფუნდამენტურია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს “ქართულმა ოცნებამ”, რათა აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის მე-5 პუნქტის შესაბამისი იყოს.

როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

14 მარტს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა, შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.
“რისკია, მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდეს” – რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე
დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.
კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

მსგავსი პოსტები

Back to top button