მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში ოკუპანტი ინტენსიურად უტევს ქალაქებს

რუსეთი ოდესის ოლქში ტერორს აგრძელებს,უკრაინული მხარის ცნობით, 21 ივლისის ღამეს რუსეთი ისევ დაესხა თავს სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესას, სადაც “კალიბრის” ტიპის რაკეტებით დაბომბა სასოფლო-სამეურნეო საწარმო. სამხრეთ სარდლობის, ასევე რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რაკეტები მოხვდა მარცვლეულის საწყობებს და შენობას, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ინახებოდა, ორი ადამიანი დაშავდა.

“მტერი აგრძელებს ტერორს და ეს უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ამ ღამით მტერმა ოდესის ოლქში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყა, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურება სცადა. პირდაპირ (დაარტყა) მარცვლეულის შესანახ ფარდულებს და საწარმოს, სადაც ინახებოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა”, – განაცხადა სამხრეთის სარდლობის პრესმდივანმა.

მისი თქმით, თავდაპირველად რუსეთმა ორი რაკეტა გაუშვა, ხოლო როდესაც დაიწყო სამაშველო ოპერაცია და ხანძრის ჩაქრობა, ისევ მოხდა სარაკეტო იერიში.
ოპერაციული სარდლობის სპიკერის თქმით, რაკეტები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რის გამოც ისინი გვიან დააფიქსირეს.

“საბედნიეროდ, მაშველებმა თავშესაფარში მისვლა მოახერხეს. მაგრამ დაზიანდა ბევრი სასოფლო-სამეურნეო და სამაშველო ტექნიკა”, – ამბობს ის.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ ეს ზედიზედ მეოთხე თავდასხმაა ოდესაზე და რომ რუსეთმა ამ კვირაში შეტევებით გაანადგურა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, “ამ დრომდე არ შესრულებულა”.

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.

19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შეიძლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, გენერალური მდივანი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა უზრუნველყოს უკრაინული და რუსული საკვებისა და სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს გლობალური შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას და სურსათზე სტაბილური ფასების უზრუნველყოფას.

“გაეროს გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმებს საპორტო ობიექტების წინააღმდეგ. თავდასხმები ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის ვალდებულებას, რომელიც გამტკიცებულია გაეროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმით.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შეიძლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ ნეგატიურ ეფექტს ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ფასებზე, რაც აზიანებს ყველას, განსაკუთრებით კი დაუცველ ადამიანებს გლობალურ სამხრეთში.

გენერალური მდივანი არ შეწყვეტს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს უკრაინული და რუსული საკვებისა და სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, რაც მისი მუდმივი ძალისხმევის ნაწილია გლობალური შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად და სურსათზე სტაბილური ფასების უზრუნველსაყოფად,”- აცხადებს სტეფან დუჟარიკი.

ზაპოროჟიეს ოლქში ინფრასტრუქტურული ობიექტების მისამართით გახსნილი ცეცხლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა, ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ტელეგრამის არხით ავრცელებს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მალაშკოს ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტზე გასულ ღამით სულ 80 დარტყმა განხორციელდა. ადმინისტრაციაში 33 შეტყობინება შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევის შესახებ.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ბავშვი დაიღუპა.
“შუადღის სამ საათზე, დონეცკის ოლქის სოფელი დრუჟბა არტილერიით დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოს მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.
გარდა ამისა, ამავე სოფელში დაბომბვის შედეგად მოხუცი ქალი დაიჭრა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია, ღამით საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა, გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ.
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეერთებული შტატების ინფორმაციით, უკრაინამ ბრძოლის ველზე კონტრშეტევისას აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის ეფექტურად გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.

უკრაინელ სამხედროებსა და საოკუპაციო ძალებს შორის ბახმუტის მახლობლად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით.
„ორეხოვო-ვასილევკა-პრასკოვეევკას, კლეშჩიევკა-ანდრეევკას მიმართულებებზე მძიმე ბრძოლები სიტუაციის შეუცვლელად გრძელდება“, – განაცხადა ანდრეი კოვალევმა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგე ძლიერ წინააღმდეგობას უწევს უკრაინელებს, იყენებს რეზერვებს, მაგრამ მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button