მნიშვნელოვანისიახლეები

“ქართული ოცნება” მეოთხე ვადით დასარჩენად ემზადება-ოცნების თქმით ოპოზიციას მხარდაჭერები თითქმის არ ყავს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გეგმები – მმართველი გუნდი მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ყველა სოციოლოგიურ კვლევაში 55%-ზე მეტი აქვს.

“უკანასკნელი 1 წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55%-ზე მეტი. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში, ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში ჩვენ უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, თავიდან ბოლომდე აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან,” – ირაკლი კობახიძე.

მხარდაჭერის თვალსაზრისით ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე არასდროს ყოფილა, ასევე კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციაში გამოცხადებულია სრული განგაში და ისინი პანიკურ სიტუაციაში არიან ჩავარდნილი.

„დღეს ოპოზიცია თავისი რეიტინგით ისეთ ნიშნულზე არის დასული, რომ ალბათ, ისტორიულ მაჩვენებელზეა რეგრესის თვალსაზრისით. მხარდაჭერის თვალსაზრისით ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე არასდროს ყოფილა, ოპოზიცია კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა. ეს არის ჭორაობაზე, სიცრუის ტირაჟირებაზე მთლიანად გადართული ოპოზიცია, რომელსაც ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს. კომპეტენცია აბსოლუტურად არ ჰყოფნის იმისთვის, რომ რაღაც საკითხზე კონსტრუქციულ განხილვაში და დავაში შევიდნენ და ზუსტად ეს განაპირობებს იმას,რომ მათ არანაირი რეიტინგები არ აქვთ. ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობიანად აგრძელებს ქვეყნის ინტერესების განხორციელებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლას, უსაფრთხოების ფორმატების გაზრდას, ახალი გლობალური ფუნქციური დანიშნულების შეძენას და გაძლიერებას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა მეგობარ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გარდა ამ საკითხისა გივი მიქანაძემ ისაუბრა ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე და ამ კუთხით ოპოზიციის განცხადებებზე.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქმნას, ეს არის სუფთა პოპულისტური განცხადებები.

„ამ ადამიანებმა როდესაც წლინახევრის განმავლობაში 12 რეკომენდაციასთან მიმართებაში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, არაფერი გააკეთეს და მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებულები, რომ დარბოდნენ ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში და ჩვენ პარტნიორებს ევროკავშირიდან პირდაპირ ღია ტექსტით ეუბნებოდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ეს გააკეთეს მათ. ახლა, აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომ თითქოს სამუშაო ჯგუფები არ იქმნება, პროცესი არ მიმდინარეობს, პროცესი არც ერთი წამითაც არ შეჩერებულა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ და ოპოზიციის განცხადებებს ამ საკითხთან მიმართებით „სპეკულაციური“ უწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო ჯგუფებს, გივი მიქანაძის თქმით, ამის შექმნის ვალდებულება არ არის.

„რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო ჯგუფებს, ამის ვალდებულება არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რა ფორმატი შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ მაქსიმალური ინკლუზიურობა უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე კვირაა დარჩენილი საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე, მმართველ გუნდში ექნებათ შიდა კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდებიან იმ პოზიციაზე, რომელიც ამ პროცესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იქნება, რასაც საჯაროდაც განაცხადებენ.

„შემდგომში ვნახოთ,ოპოზიციის ჩართულობა და მონაწილეობა, რა იქნება, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს ახლახან ნანახი პრაქტიკული პროცესიდან გამომდინარე, როდესაც დესტრუქციაზე და ქვეყნის დაზიანებაზე იყვნენ ორიენტირებულები. ამიტომ, მათი მხრიდან ეს განცხადებები არის, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას არასწორი აღქმები შეუქმნა, რასაც ჩვენი საზოგადოება მორიგ ჯერზე არ უსმენს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

“ქართული ოცნება” შანსებში დარწმუნებულია და ძალაუფლებაში მეოთხე ვადით დასარჩენად ემზადება. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების თავდასხმები ოპონენტებზე ერთადერთ ფაქტორზე მიუთითებს – მმართველ პარტიას მარცხის ეშინია.

“ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ბიძინა ივანიშვილის ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი” – ამბობს ნიკა მელია “ოცნების” ლიდერების განცხადებების პასუხად.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვიდა და რუსული პროპაგანდისტული მესიჯებით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ქართული ოცნებაა.

ყოველდღე პასუხს მთხოვდნენ სამუშაო ჯგუფში არმონაწილეობის გამო და ახლა მე გავაკერპე? მე ხომ ვამბობდი, რომ არც სამუშაო ჯგუფში და არც მის გარეთ „ქართული ოცნება“ არაფრის გამკეთებელი არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მანჯგალაძის თქმით, ეს იყო პროპაგანდის საშუალება, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციები ვერ შეასრულა იმის გამო, რომ პაატა მანჯგალაძე არ მიდიოდა საპროცედურო კომიტეტთან არსებულ ქვეკომიტეტის სამუშაო ჯგუფში.

„თქვენ ნახავთ, ოპოზიცია როცა გაიმარჯვებს არჩევნებში, ამ ცხრა რეკომენდაციას შევასრულებთ ზუსტად სამ თვეში და საერთოდ არ მოვიკითხავ, სად არიან შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე. ჩვენი გეგმა არის, რომ ის ექვსი ინიციატივა, რომელიც შეტანილი გვაქვს საარჩევნო რეფორმების სახით, მათ შორის ოპოზიციას შეტანილი აქვს ანიტკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, რომ ბუტაფორია არ იყოს, ასევე სასამართლო რეფორმის პროექტი, ასევე ბევრი მიმართულებით გვაქვს პროექტები, შევეცდებით, ხელახლა შევახსენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ მოდი, იქნებ რამე ამ მიმართულებით შევცვალოთ. მაგრამ დეოლიგარქიზაციის გამკეთებელი „ქართული ოცნება“ არ არის, არ არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმის გამკეთებელი, არც ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იტყვის უარს და არც ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნის. შესაბამისად, ნუ ატყუებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილი ცვლილებები და რეფორმები მოხდება.

ჰაერში იქნებიან, ზღვაზე თუ ხმელეთზე, ჩვენ ყველგან შევხვდებით „ქართულ ოცნებას“. იქნება კომიტეტი, ქვეკომიტეტი თუ ზეკომიტეტი, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button