მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი.
როგორც უწყება განმარტავს, ხეთერელი ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. რომლის თანახმადაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ლაშა ხეთერელი ცხინვალის ციხიდან ბოლოს მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს რამდენჯერმე ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს 8 მოქალაქე.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) ბიუროს წევრები და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს და ბიუროს წევრებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თვალით ნახეს არსებული სიტუაცია. ვიმედოვნებთ, რომ ასამბლეაში შემავალი წევრების მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა განაცხადა, ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ჩვენ ადგილზე გავეცანით ვითარებას, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელიც ხშირად გატაცების მსხვერპლია. ვნახეთ, რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button