ოლიგარქის გუნდი ახალ ოფისში დაბინავდა
“ოცნებას” კომპანიისთვის 7 წლის განმავლობაში 19 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს

ოლიგარქის გუნდი როსტომ მეფის სასახლიდან ორთაჭალაში, ძალოვნების კვარტალში გადავიდა. ქართული ოცნება ახალ ოფისში დაბინავდა, სადაც ამ წუთებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლები მიღებაზე იმყოფებიან. მმართველი პარტია ახალი ოფისის გახსნის პარალელურად წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. განცხადება ამის შესახებ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართვისას გააკეთა.
იქამდე კი ღარიბაშვილმა ტრადიციულად განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის “ღვაწლზე” ისაუბრა. ილაპარაკა რა ხდებოდა 2012 წლამდე და ტრადიციული პროპაგანდისტული მესიჯები გააჟღერა.
ღარიბაშვილმა “ქართული ოცნება” მშვიდობისა და ევროპული მომავლის “ერთადერთ გარანტად” გამოაცხადა, ხოლო ოპონენტები “ბოროტ ძალად”, რომლებსაც მისივე თქმით, “ქვეყნის მეორედ დანგრევის” საშუალებას არ მისცემენ – “დღეს არჩევანი კეთდება ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიაზე” – ამტკიცებს ღარიბაშვილი და დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებში ისევ “დამაჯერებლად გაიმარჯვებენ”.
დღესვე ცნობილი გახდა და ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომ “ოცნებისგან” ფორმალურად გამოყოფილი პრორუსული დაჯგუფება
“ხალხის ძალა” მომავალ არჩევნებში მათთან ერთად, ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერმა კობახიძემ კი “ოცნების” წინასაარჩევნო სლოგანი წარადგინა – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ” და ისევ ამტკიცა, რომ “ოცნებას” მოსახლეობის 60% უჭერს მხარს, “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” კი 30%
ოფისის გახსნას ესწრება ოლიგარქი ივანიშვილიც.
ამასთან 2024 წელს, ოლიგარქმა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია 2012 წელზე საუბრით დაიწყო – ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ახალი ოფისის გახსნაზე სირტყვით გამოსვლისას ტრადიციული რუსული პროპაგანდისტული გზავნილები გააკეთა. “ოცნების” წევრების მსგავსად, ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ მის პარტიას 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ეს საკმარისი არაა.
ივანიშვილი წინა საჯარო გამოჩენის მსგავსად, ოპოზიციას “პასუხისგებით” დაემუქრა 12 წლის წინანადელ “დანაშაულებზე”:
“ჩვენ გვჭირდება მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომი პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში.
ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.” განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ოლიგარქი შეეხო უკრაინაში ომს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკელების” გამარჯვების იმედი გამოთქვა:
უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკელები” გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება” თქვა ივანიშვილმა
პარტიული ოფისის მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოცნებამ უკვე ოფიციალურად გააფორმა კომპანია
“ნიუ ოფისთან” ხელშეკრულება. კონტრაქტის პირობების თანახმად, “ოცნებას” კომპანიისთვის 7 წლის განმავლობაში 19 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს.