არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია პრეზიდენტს მიმართავს

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს პრეზიდენტს, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს კოალიციიდან აცნობეს, სადაც მზად არიანაქტიურად ჩაერთონ კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭირონ წარდგინების პროცესს.
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა.
“მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგინების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს.
მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს.
ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა”, – ნათქვამია კოლაიციის განცხადებაში.