8 000 საარტილერიო ჭურვი MiG-29-ების საბრძოლო თვითმფრინავები-ნორვეგია დანია და პოლონეთი უკრაინას დაეხმარებიან

პოლონეთის მიერ გაგზავნილი MiG-29-ების ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და პოლონური მედია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, მარკინ პჟიდაჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც პჟიდაჩიმ განაცხადა, მხარეები კვლავ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს დამატებითი დახმარების გაგზავნისთვის.
“ჩემი ინფორმაციით, [MiG-29-ის] პირველი პარტიის გადაცემის პროცესი უკვე დასრულდა. რა თქმა უნდა, შემდგომ შესაძლო მხარდაჭერაზე საუბრები გაგრძელდება”, – თქვა პოლონელმა დიპლომატმა.
პჟიდაჩიმ დასძინა, რომ უკრაინას ახალი დახმარება კიდევ დასჭირდება რათა, რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, პოლონეთში ვიზიტის დროს, მხარეები საბრძოლო თვითმფრინავის მეორე პარტიის გაგზავნას განიხილავენ.
ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო უკრაინამ.
შეგახსენებთ, რომ MiG-29-ებს უკრაინა პოლონეთისა და სლოვაკეთის საერთო შეთანხმების საფუძველზე მიიღებს. ორი ქვეყანა უკრაინას 23 საბრძოლო თვითმფრინავს გაუგზავნის. სამაგიეროდ კი ისინი თანამედროვე ტექნიკას ამერიკისგან მიიღებენ.
აშშ MiG 29-ების ჩასანაცვლებლად სლოვაკეთს 12 ერთეულ Bell AH-1Z Viper-ის ტიპის ვერტმფრენს დიდი ფასდაკლებით მიყიდის, პოლონეთს კი 24 ერთეულ F-22 Viper-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს ერთ დოლარად გადასცემს.
ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას 2 ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებების ცნობით, ოსლო უკრაინას 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებს გაგზავნის, კოპენჰაგენი კი შესაბამის დეტონატორებს.
“უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს უკრაინას ისე, როგორც შეუძლია. ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული თავდასხმის მოგერიება”, – თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ეს დახმარება შეავსებს დანიის გადაწყვეტილებას უკრაინას 19 თვითმავალი კეისრის ჰაუბიცის გადაცემის შესახებ.
თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას ამ კვირაში დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, უკრაინა კვლავ იბრძვის ქალაქ ბახმუტისთვის და ბრძოლა დასრულებული არ არის.
ცნობისთვის, მანამდე, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “სამართლებრივად ბახმუტი აიღეს“. აღნიშნულს უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობა.