მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში -პუტინი განაგრძობს თავის წარმოჩენას საომარი დროის ლიდერად

უკრაინის არმიის კონტრშეტევის მოლოდინის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განაგრძობს თავის წარმოჩენას საომარი დროის ლიდერად. ასე შეაფასა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა(ISW) კრემლის მიერ 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეოკადრები, რომელთა თანახმად, პუტინი 17 აპრილს იმყოფებოდა ხერსონის და ლუგანსკის ოლქებში.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ყოფნის ამსახველი ვიდეომასალის თავდაპირველ ვარიანტში რუსეთის პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულს მომავალ დროში ახსენებდა, რის გამოც კრემლმა ეს ნაწილი შეცვალა. ამიტომ, დიდი ალბათობით, პუტინის ვიზიტი შედგა არა 17 აპრილს, არამედ აღდგომამდე, რომელიც რუსეთში 16 აპრილს აღნიშნეს.

18 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ამერიკელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა ხერსონის და ლუგანსკის ოლქებში ვლადიმირ პუტინის ჩასვლის შესახებ საგანგებოდ გამოაცხადა სწორედ 18 აპრილსომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პუტინის ვიზიტის მიზანი იყო უკრაინისგან მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ, პოტენციური განტევების ვაცების განსაზღვრაც. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ხერსონის და ლუგანსკის ოლქებში შეხვდა ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს, გენერალ-პოლკოვნიკებს, ტეპლინსკის, მაკარევიჩს და ლაპინს.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, პუტინმა ტეპლინსკი და მაკარევიჩი მიზანმიმართულად გამოარჩია, როგორც უკრაინის სამხრეთზე, ხოლო ლაპინი ფრონტის ლუგანსკის ხაზზე პასუხისმგებელი მეთაურები. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ კრემლი შიდა საინფორმაციო სივრცეს ამზადებს ან მომავალი სამხედრო წარუმატებლობის, ან კონტრშეტევის განეიტრალებისთვის. ISW ხაზს უსვამს რუსი სამხედრო ბლოგერების დაკვირვებასაც, რომ პუტინთან ერთად არ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, რომლებიც გენერლების, ტეპლინსკის და ლაპინის მოწინააღმდეგეებად ითვლებიან.

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი. 9-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა ხერსონის ოლქში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ, დაღუპულია 1 მოქალაქე.

ოკუპანტებმა დრონებით თავდასხმა განახორციელეს ოდესაზე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის გენ. შტაბის ინფორმაციით, მათ 12 “კამიკაძე” დრონიდან 10 ჩამოაგდეს. იერიში იყო ზაპოროჟიასა და დნიპროზეც.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას “ჩელენჯერ-2”-ის ტიპის 14 ტანკი გადასცა. კიევს “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია მიაწოდა გერმანიამ.

ამავე დროს, შვეიცარია თავისი იარაღის უკრაინაში რე-ექსპორტს ეწინააღმდეგება. ბერლინში გერმანიის კანცლერთან ერთობლივი ბრიფინგის დროს შვეიცარიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნეიტრალიტეტს მკაცრად იცავს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატო-ს მოკავშირეებს, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდონ.

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში უკრაინის ოდესის ოლქზე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელი შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 12 დრონი (Shahed-136/131). სარდლობის ცნობით, ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის სამხედროებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის მონაცემებით, დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

18 აპრილს, საღამოს და ღამით, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებსაც. უკრაინის ხელისუფლების და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეში ჩამოაგდეს 7, ხოლო დნეპროპეტროვსკში – 1 დრონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button