მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტმა ბელარუსის ლიდერს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების “თანამონაწილე”უწოდა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში „რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილეა“.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკო რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა, რაც უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და ზარალისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბელარუსის ხელისუფლება მონაწილეობს რუსეთის მიერ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში, რითაც „იმეორებს მოსკოვის სამხედრო რიტორიკას“.

დოკუმენტის თანახმად, „სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოძიება აწარმოოს არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაზე, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებითაც“.

რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ბელარუსი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის, კაცობრიობის და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „გააფართოონ და გააძლიერონ სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ და გამოიყენონ ბელარუსის წინააღმდეგ იმავე სანქციები, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული. რეზოლუციაში ბელარუსი „რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდაა“ მოხსენიებული და დაგმობილია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვალ, 15 სექტემბერს რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოლაპარაკების მთავარი თემა “საერთაშორისო დღის წესრიგი და რეგიონული საკითხები ინება, ასევე სამუშაოები იმპორტის ჩანაცვლების სფეროში”.

ლუკაშენკო და პუტინი ერთმანეთს ბოლოს ივლისში, რუსეთში შეხვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button