პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალა

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის ორმა მეზობელმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობის ადგილობრივი სექტორის დასაცავად მიიღო.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა.
თუმცა, პოლონეთის ლიდერებმა დასძინეს, რომ ეს საკითხი არ აისახება უკრაინის მიმართ მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.
„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს პოლონეთში მარცვლეულის, ასევე სურსათის სხვა ათობით სახეობის იმპორტს“, – განაცხადა პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ.
კაჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის უცვლელ მეგობრად და მოკავშირედ რჩება.
„ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ. თუმცა, ყველა სახელმწიფოს, ყველა კარგი ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესი“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა.
პოლონეთის აკრძალვას მოგვიანებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობაც შეუერთდა. ამასთან, უნგრეთს ჯერ არ უთქვამს, როდის შევა აკრძალვა ძალაში, თუმცა მთავრობაში აღნიშნეს, რომ ის ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.
უნგრეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მოხდება ევროკავშირის დონეზე რეგულაციების შეცვლა.
რუსეთის ინტერვენციის შედეგად შავი ზღვის პორტების ბლოკირების გამო უკრაინული მარცვლეულის დიდი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულზე იაფია, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მიედინება, რაც ადგილობრივი ფერმერების ფასებსა და გაყიდვებზე აისახა.
გასულ თვეში ევროკომისიისადმი მიწერილ წერილში აღმოსავლეთ ევროპის ხუთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები აღნიშნავდნენ, რომ უპრეცედენტოა ისეთი პროდუქტების რაოდენობა, როგორებიცაა მარცვლეული, კვერცხი, ფრინველი და შაქარი. ისინი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ტარიფების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდიოდნენ.
უკრაინამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკითხის ცალმხრივი რადიკალური ქმედებებით გადაჭრა სიტუაციის დადებით მოგვარებას არ დააჩქარებს.
უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთის აკრძალვა ეწინააღმდეგება ექსპორტის ორმხრივ შეთანხმებებს. უწყება საკითხის დასარეგულირებლად მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოდის.
„ჩვენ გვესმის, რომ პოლონელი ფერმერები რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, თუმცა ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ამჟამად უკრაინელი ფერმერები არიან“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. ვარშავა უკრაინას აწვდის ტანკებს და პირდება საბრძოლო თვითმფრინავებს. მაგრამ უკრაინის იაფი საქონლის დასავლეთით გადინებამ, რაც ომმა გამოიწვია, მნიშვნელოვნად შეამცირა პოლონელი ფერმერების შემოსავლები. ფერმერთა გულისწყრომის გამო მიმდინარე თვეში პოსტიდან გადადგა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი.