მნიშვნელოვანისიახლეები

,,ყველა პირს, ვინც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, „პატიმრობის საფრთხე აქვს“-თარგამაძე

პოლიტიკოს გივი თარგამაძის განცხადებით, ყველა პირს, ვინც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, „პატიმრობის საფრთხე აქვს“. ამის შესახებ გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისი არგამოცხადების ფაქტზე საქმის განხილვა გაიმართა.

„მეც ვიყავი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ომის გამოძიების და ზუსტად ვიცი, რა ხდება და როგორ ხდება. ფაქტია, რომ ის პროცედურები არ ჩატარებულა. დაბარებასთან მიმართებაში კენჭისყრა არ ყოფილა, მაგრამ როგორ ჩანს, ისე ჭრიან და კერავენ. აქედან გამომდინარე, არც ვიცი, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს საქმის არსებითი განხილვა“, – განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე შეფარდებული 10 000 ლარის ოდენობით გირაო მას უკვე გადახდილი აქვს, სასჯელი შესაძლოა, დამძიმდეს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, საერთაშორისო არენაზე გამოსავალი არ აქვს, ვფიქრობ, რომ კომისია, ხალხისთვის როგორც სანახაობა არ გამოუვიდათ. ვფიქრობ, რომ უფრო გამძვინვარდებიან და დასჯით ნაწილს დაამძიმებენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ფიგურანტს, საბოლოო ჯამში, აქვს პატიმრობის საფრთხე“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე, გივი თარგამაძის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რითაც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, საქმე უნდა შეწყდეს იმ მიზეზით, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია
პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. მისი განმარტებით, კომისიის დებულებაშივე არის მითითებული, რომ თუ პირი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, მისივე თქმით, სახეზეა ბრალდებულის ქმედება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს “დროებით საგამოძიებო კომისიაზე” გამოუცხადებლობის 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თარგამაძემ გირაო გადაიხადა.
დროებით საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პარლამენტში 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button